ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა

?????????????????????????????????????????????????????????

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, თანდართულ მასალებთან ერთად, განიხილა. ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებზე და მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა.

„მიმდინარე წელს გრძელდება მაღალი ეკონომიკური ზრდა. 8 თვის მონაცემებით რეალური ეკონომიკური ზრდა 10,3%-ს შეადგენს და ველოდებით, რომ წლის ბოლომდე 9%-ზე მაღალი იქნება, რამაც მოგვცა საშუალება შეგვემცირებინა პანდემიით გამოწვეული როგორც ვალის ასევე, ბიუჯეტის დეფიციტის 60%-დან წელს უკვე 40%-ზე დაბალ ნიშნულზე ჩამოსვლა“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი გაზრდილია 1 939,4 მლნ ლარით. სახელწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა შეადგენს 21 154,0 მლნ ლარს. მომხსენებელმა მხარჯავი უწყებების მიხედვით თანხების გადანაწილებაზე ისაუბრა. ამ კუთხით, მან ის მიმართულებები გამოყო, სადაც დაფინანსება მნიშვნელოვნად იზრდება. ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კომიტეტის წევრებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური სამინისტროსთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ოდენობაზე და უწყების ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაცია გააცნო. მისი თქმით, სოციალური მიმართულებით ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 795,0 მლნ ლარზე მეტით. სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 6 798,7 მლნ ლარით საიდანაც, მოსახლეობის სოციალური დაცვისთვის გათვალისწინებულია, 4 813,9 მლნ ლარი მათ შორის, საპენსიო უზრუნველყოფისთვის 3 379,2 მლნ ლარი.

ბიუჯეტის თანახმად გათვალისწინებულია:
70 წლამდე პირთა პენსიის ზრდა 35 ლარის ოდენობით და განისაზღვრება 295 ლარით. ხოლო 70-წელს ზემოთ ადამიანებისთვის გათვალისწინებულია 65 ლარით ზრდა და მისი მოცულობა განისაზღვრება 365 ლარის ოდენობით.
მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის 70 წლამდე პირთა პენსია იქნება 354 ლარი, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია 438 ლარი.
პენსიის ზრდის შესაბამისად იზრდება სახელმწიფო კომპენსაციების მიმღებ პირთა კომპენსაციები.
მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარებისთვის გათვალისწინებულია 1275,1 მლნ ლარი, რაც დაკავშირებულია 2022 წლის 1 ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების 100 ლარიდან 150 ლარამდე ზრდასთან;
მაღალმთიან დასახლებაში სოციალური შეღავათებისთვის გათვალისწინებულია 85.0 მლნ ლარი. პენსიის ზრდის შესაბამისად იზრდება საპენსიო დანამატის მოცულობაც;
სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის დაფინანსება იზრდება 14,4 მლნ ლარით და 66,0 მლნ ლარს აღემატება;
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები ფინანსდება 1 540 მლნ ლარით, მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება შეადგენს 850,0 მლნ ლარს.
პროგრამის ფარგლებში ასევე, გათვალისწინებულია სასწრაფოს დახმარების სამსახურის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა, ხოლო სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების 100 ლარით ზრდა;
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვა 42,1 მლნ ლარი;
შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამა 90,3 მლნ ლარამდე, მათ შორის, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის მიზნით გათვალისწინებულია 80.0 მლნ ლარი;
იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობა 267,7 მლნ ლარი. პროგრამის დაფინანსება გაზრდილია 2,6-ჯერ და აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია 7 000 ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის დაწყება.

მთავრობის წარმომადგენელმა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და დამატებითი განმარტებები გააკეთა.

„ერთადერთი რისი შეცვლაც შეუძლებელი იქნება, ეს არის ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი. ჩვენ მზად ვართ სამუშაო რეჟიმში გავაგრძელოთ თანამშრომლობა შიდა გადანაწილებების მხრივ, პრიორიტეტების გადახედვაზე და საბოლოო ჯამში, ქვეყნის ბიუჯეტი ჩამოვაყალიბოთ ისე, როგორც ყველაზე სწორი იქნება მომდევნო წელს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის“, – განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.

კომიტეტმა სხდომაზე გამოთქმული რეკომენდაციების გათვალისწინებით, წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.

„წარმოდგენილ ბიუჯეტის კანონში მნიშვნელოვანი ზრდა არის გათვალისწინებული, მათ შორის, გამოკვეთილია სოციალური ბიუჯეტი. მნიშვნელოვანია, რომ 2012 წლიდან მოყოლებული კვლავ რჩება პენსიების ზრდის ტენდენცია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ 80 მლრდ-მდე იზრდება ქვეყნის მშპ და მცირდება საგარეო ვალი“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ.

Visited 29 times, 1 visit(s) today