ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე უძღვებოდა, რამდენიმე კანონპროექტი და სარატიფიკაციო დოკუმენტი განიხილა. ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ II მოსმენით განსახილველად წარადგინა და აღნიშნა, რომ კანონპროექტში, ძირითადად, რედაქციული ხასიათის ჩასწორება მოხდა. სწორედ ამის გათვალისწინებით დაუჭირა კომიტეტმა მხარი კანონპროექტს.
მომხსენებელმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა ეხება პენსიების ინდექსაციას. წარმოდგენილი კანონპროექტით რეგულირებული ხდება, თუ როგორ უნდა დაანგარიშდეს ყოველწლიურად პენსიის მოცულობა.
პირველად ჩვენს კანონმდებლობაში იქნება ის ძირითადი დებულებები, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტის შემუშავების დროს მთავრობა ვალდებული იქნება გაითვალისწინოს პენსიის ყოველწლიურად ზრდის მექანიზმები, შესაბამისად, გათვალისწინებულია როგორც ინფლაციის მაჩვენებელი იმისათვის, რომ ფასების ზრდა იყოს გადაზღვეული, ასევე გათვალისწინებულია 70 და მეტი ასაკის პენსიონერთათვის ეკონომიკური ზრდის 80%-ით მოხდეს დამატებით პენსიის ზრდა. ამასთან პენსიის მინიმალური ზრდა იქნება არანაკლებ 20 და 25 ლარისა ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით. გიორგი კაკაურიძემ ასევე გამოიტანა სარატიფიკაციო დოკუმენტი წარმოდგენილი მთავრობის მიერ – „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (COVID-19-ზე საგანგებო რეაგირებისა და დანახარჯების მხარდამჭერი პროგრამა)“. სასესხო შეთანხმების ფარგლებში COVID-19-ზე საგანგებო რეაგირებისა და დანახარჯების მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, ADB გამოყოფს ფინანსურ რესურსს 92 მლნ 302 ათასი ევროს ოდენობით. ამ პროგრამის მიზანია, პანდემიით გამოწვეული კრიზისის ეკონომიკური ხარჯების შემსუბუქება, გრძელვადიანი ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საფუძვლების შექმნა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ეს თანხა მოხმარდება პანდემიიდან გამომდინარე ბიუჯეტში უკვე გაწერილი ხარჯების დაფინანსებას. ადამიანის უფლება დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ პრინციპების დონეზე, პირველი მოსმენით განსახილველად წარადგინა პარლამენტართა ერთი ჯგუფის მიერ ინიცირებული კანონპროექტი „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად. საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, ირაკლი კობახიძე, შალვა კიკნაველიძე, მერაბ ქვარაია, რატი იონათამიშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, ილია ნაკაშიძე, დიმიტრი მხეიძე, დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, პაატა მხეიძე, გია ბენაშვილი, ცოტნე ზურაბიანი, გოგი მეშველიანი, ენძელა მაჭავარიანი, სვეტლანა კუდბა, ფატი ხალვაში, დიმიტრი ხუნდაძე.
„დასაქმება არის ჩვენი უპირველესი საზრუნავი და მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონპროექტის თანაავტორები არიან ჩემი კოლეგების უმრავლესობა. ვინაიდან „ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, რომელიც ზრუნავს ადამიანებზე და სწორედ იმაზე, რომ ადამიანები ღირსეულად დასაქმდნენ და ჰქონდეთ ღირსეული შრომითი პირობები. ჩვენ ამ კუთხით ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი და რაც პანდემიამ გამოაჩინა კიდევ უფრო მეტად, ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი და ისინი დგანან სერიოზული ყოფითი პრობლემების წინაშე. ამიტომ, ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რა თქმა უნდა ვალდებული ვართ გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები“, – განაცხად სოფო კილაძემ და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიზანია განსაზღვროს ადამიანთა დასაქმების პოლიტიკა იმგვარად, რომ ხელი შეუწყოს ადამიანთა დასაქმებას. სწორედ ამ მიზნით შემუშავდა აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა.
სოფო კილაძემ, კანონპროექტის ზოგადი პრინციპების წარდგენამდე, განაცხადა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ეფუძნება დასაქმების ხელშეწყობის საპილოტე პროექტს, რომელიც 2019 წლის სექტემბრიდან წარმატებით ფუნქციონირებს ნაძალადევის N17 სამაჟორიტარო ოლქში, რომლის მაჟორიტარი დეპუტატიც თავად არის და რომელიც განხორციელდა დეპუტატის ბიუროს მიერ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის ხელშეწყობით. მან ფრიდრიხ ებერტის ფონდს, გერმანიის და ავსტრიის საელჩოებს, ევროკავშირს მადლობა გადაუხადა იმ თანადგომისა და მხარდაჭერისათვის, რაც მათ აღმოუჩინეს როგორც საპილოტე პროექტის განხორციელებაში, ასევე საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებაში. როგორც სოფო კილაძემ აღნიშნა, საპილოტე პროექტის შედეგების გათვალისწინებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დასაქმების აქტიური პოლიტიკა საქართველოს მაგალითზეც შეიძლება იყოს წარმატებული. მისივე თქმით, კანონპროექტზე მსჯელობა, სანამ ის საბოლოო სახით იქნებოდა ჩამოყალიბებული, მიმდინარეობდა ასევე ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფესიული კავშირების წარმომადგენლებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან და, ფაქტობრივად, ყველა მხარესთან გარკვეულ კონსენსუსს მიაღწიეს.
„სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს ისეთი, რომ როცა ადამიანს უნდა მუშაობა, რომ საკუთარი ღირსეული შრომით არჩინოს ოჯახი და თვითონაც იყოს რეალიზებული, მას სახელმწიფო აუცილებლად უნდა დაეხმაროს“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
მისივე თქმით, ბუნებრივია, ყველა შეიძლება ვერ დასაქმდეს, მაგრამ ამ კანონპროექტმა ხელი უნდა შეუწყოს დასაქმებული ადამიანების რაოდენობის გაზრდას. მომხსენებლის თქმით, საჭიროა სახელმწიფოს მიერ წარიმართოს დასაქმების ხელშეწყობის იმგვარი აქტიური პოლიტიკა, რომელიც ერთი მხრივ, ერთმანეთთან დააკავშირებს სამუშაოს მაძიებელსა და ბიზნესს, მეორე მხრივ, ერთმანეთთან შესაბამისობაში მოიყვანს სამუშაოს მაძიებლების კვალიფიკაციასა და ქვეყანაში ბიზნესის მოთხოვნებს. კანონპროექტის მოსალოდნელ შედეგებზე საუბრისას, სოფო კილაძემ აღნიშნა, რომ კანონპროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, სამუშაოს მაძიებლების დასაქმებას და მეორე მხრივ, ბიზნესს იმაში, რომ დასაქმებული ჰყავდეს კვალიფიციური კადრები. ის, ასევე, ხელს შეუწყობს ბიზნესისა და განათლების მოთხოვნა-მიწოდებას შორის ბალანსის უზრუნველყოფას. კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგია, არა მხოლოდ დასაქმებული მოქალაქეების რაოდენობის ზრდის უზრუნველყოფა, არამედ, საზოგადოებაში სოციალური ფონის გაუმჯობესება და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა.
კომიტეტის წევრებმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას ერთხმად დაუჭირეს მხარი. დღესვე კომიტეტმა საბოლოო-III მოსმენით განიხილა პარლამენტის წევრ დიმიტრი ხუნდაძის საკანონმდებლო ინიციატივა – კანონპროექტი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, რომლის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არავის ჰქონდა და ამ საკანონმდებლო პაკეტს კომიტეტმა ასევე დაუჭირა მხარი.