აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

19/02/2024

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა და დაამტკიცა მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა. როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა აღნიშნა, 2024 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელებისას კვლავ იმოქმედებს 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისათვის“, რომლის თანახმადაც სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და 2024 წლის ჩათვლით, დარგის განვითარებისთვის, სახელმწიფოს მხრიდან მილიარდ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი დაიხარჯება. მიმდინარე წლის კომიტეტის სამოქმედო გეგმა მოიცავს 4 სტრატეგიულ ამოცანას და 46 აქტივობას. ამოცანათა შორისაა აგრარული პოლიტიკის მიმართულებით მტკიცებულებებზე დაფუძნებული კანონშემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფა; აგრარული სექტორის პოლიტიკის განხორციელებაზე ეფექტური ზედამხედველობის უზრუნველყოფა; ეფექტური წარმომადგენლობითი საქმიანობის უზრუნველყოფა და კომიტეტის საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესება. ნინო წილოსანმა კომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის შესახებ, რომელიც კომიტეტმა ცნობად მიიღო. კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომაზე ასევე წარადგინა კომიტეტის მიერ განხორციელებული თემატური მოკვლევის – „ფინანსებზე ხელმისაწვდომობა აგრარულ დარგში (კერძო ფინანსური ინსტიტუტების ჭრილში)“ – დასკვნა და მოკვლევის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები. კომიტეტმა დღესვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებათა პროექტზე და თანმდევ კანონპროექტებზე პირველი მოსმენით იმსჯელა. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა წარადგინა, თევზაობისას ბრაკონიერობის ფაქტებზე სანქციების გამკაცრებას ეხება. როგორც ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, ბოლო წლებში განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა ბრაკონიერობის ფაქტები, რა დროსაც ბრაკონიერები თევზაობისთვის ისეთ საშუალებებს იყენებენ, რომელთა გამოყენება არაფრით შეიძლება. მისი თქმით, ძირითადად ეს ეხება ელექტროშოკური აპარატების გამოყენებას, რაც გარდა იმისა, რომ თევზის რესურსს ანადგურებს მდინარეში, იგი ზოგ შემთხვევებში ადამიანის სიცოცხლის მოსპობასაც იწვევს.

„დღეს არსებული კანონმდებლობით, სამართალდამრღვევების დასჯა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი უკანონო თევზჭერის ფაქტზე წაასწრებენ უკანონო იარაღის გამოყენებით. აუცილებელია ელექტროშოკური აპარატი თავის მხრივ გამოცხადდეს უკანონო ბრუნვის იარაღად და ასეთ შემთხვევებშიც მაკონტროლებელ უწყებას სათანადო რეაგირების საშუალება მიეცეს. ამ მიზნით შემოდის კანონში საჯარიმო სანქციები“, – განაცხადა მომხსენებელმა.

როგორც მან განაცხადა, აღნიშნული ცვლილებები არეგულირებს თევზჭერის იარაღის სამოქალაქო ბრუნვას და უკანონო ქმედების შემთხვევებში შემოღებული ჯარიმები 1000-დან 6000 ლარამდე განისაზღვრა. ცვლილებები ეხება ასევე მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა-გადაადგილების საკითხს, შავი ზღვის დაბინძურებაზე სანქციების გაზრდას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0