ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2020 წლის სამოქმედო გეგმა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა ერთხმად დაამტკიცეს. დღესვე კომიტეტმა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა. ერთ-ერთი ინიციატორის, დავით მათიკაშვილის განმარტებით, კანონპროექტით დგინდება რეგულაციები უსინათლო, ყრუ, სმენადაქვეითებული ან წერა-კითხვის არმცოდნე პირების მონაწილეობით გარიგების დადებასთან დაკავშირებით.
კანონპროექტი თავდაპირველად ადგენს, რომ ასეთი გარიგების ფორმა თავისუფალია (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა) და შემოთავაზებული რეგულაციები შეეხება მხოლოდ ამ პირთა მონაწილეობით გარიგების წერილობითი ფორმით დადებას. კომიტეტმა განიხილა პარლამენტის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“. ბექა ნაცვლიშვილის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან გახშირდა უბედური შემთხვევები სამუშაო ადგილებზე, რომლის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი სწორედ გადაჭარბებული, არარეგულირებადი სამუშაო დროა, საჭიროა წარმოდგენილი ცვლილებების დაუყოვნებლივ მიღება.
„კანონპროექტის შემუშავება განაპირობა საქართველოში შრომით ურთიერთობებში არსებულმა მანკიერმა პრაქტიკამ, რამაც საფრთხე შეუქმნა დასაქმებულთა ჯანმრთელობას, თავისუფლებას და ხშირ შემთხვევაში დასაქმებულს მისცა შესაძლებლობა შრომითი ექპსლუატაცია გაუწიოს დასაქმებულებს. კანონპროექტით, ერთი მხრივ, მოხდება დასაქმებულთა უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვა და, მეორე მხრივ, ისინი შეძლებენ შესრულებული სამუშაოს გარკვეულწილად ადეკვატური ანაზღაურების მიღებას, იქიდან გამომდინარე, რომ დამსაქმებელი ვეღარ შეძლებს თავი აარიდოს ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
პარლამენტის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი შინაარსის კანონპროექტი კომიტეტში მომზადებულია და მალე მოხდება მისი ინიცირება. მან შესთავაზა ბექა ნაცვლიშვილს, რომ მოხდეს ამ კანონპროექტების შერწყმა.