ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი საქართველოდან სარჩელების შემცირების პოზიტიურ ტენდენციას მიესალმება

06/03/2017

სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს გუიდო რაიმონდის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი დაეთმო ბოლო წლებში საქართველოში გატარებულ რეფორმებს, როგორც ადამიანის უფლებების, ასევე კანონის უზენაესობის დაცვის მიმართულებით, მათ შორის მინისტრმა პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა სასამართლო სისტემაში გატარებულ რეფორმებზე, რაც უზრუნველყოფს სასამართლო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას. გუიდო რაიმონდიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპის სასამართლოსთან აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობა საკმაოდ წარმატებულია.
შეხვედრისას ხაზი გაესვა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოდან სარჩელების რაოდენობის კლების პოზიტიურ ტენდენციას.

„საქართველოსთვის პრიორიტეტულია წარმატებული თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან და ევროპის სასამართლოსთან. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ დადებით სტატისტიკაზე და აღვნიშნეთ, რომ მცირდება აპლიკაციები საქართველოდან, რაც მიანიშნებს იმ პროგრესზე, რომელიც საქართველოს აქვს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ასევე ვისაუბრეთ რეფორმებზე, რომლებიც ხორციელდება საქართველოში, როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობის, ასევე კანონის უზენაესობის კუთხით, ასევე სხვა რეფორმებზე, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და შესაბამისად ადამიანის უფლებების უკეთეს დაცულობას, რაც აისახება ამ პოზიტიურ სტატისტიკაზე. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა ადამიანი უფლებების კუთხით სამოქმედო გეგმის განხორციელების ნაწილში და შესაბამისად ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრის დასრულების შემდგომ.

მისივე ინფორმაციით ევროპული სასამარლოს პრეზიდენტთან კონკრეტულ საკითხებზე, მათ შორის არც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე საუბარი არ ყოფილა.
სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრა გამართა ასევე ადამიანის უფლებათა კომისარის კაბინეტში და ასევე შეხვდა ევროპის საბჭოში ევროკავშირის ელჩებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0