„ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” ფარგლებში, მმართველი საბჭოს მე-2 შეხვედრა გაიმართა

25/10/2016

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში დღეს პროექტის „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” ფარგლებში, მმართველი საბჭოს მე-2 შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე თემურ მღებრიშვილი, სხვა სამთავრობო უწყებებიდან საბჭოს წევრები, ასევე, ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე პროექტის „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II“ ფარგლებში, 2016 წლის მარტი-სექტემბრის პერიოდში სამოქმედო გეგმის განხორციელების საკითხები განიხილეს, დამტკიცდა მომდევნო ექვსი თვის სამუშო გეგმა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სამინისტროსთან ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის წარმატებულ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი.
„პროექტის „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ მეორე ფაზის ფარგლებში, პენიტენციურ სისტემაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვის და ფსიქიკური ჯანმრთელობის, ასევე, სტატისტიკური მონაცემების შეგროვების დახვეწის საკითხებზე მიმდინარეობს მუშაობა. გარდა ამისა, დაგეგმილია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობის გაღრმავება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში დაწყებული საქმე გაგრძელდეს“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.
,,პროექტის ფარგლებში, სასჯელაღსრულების სისტემაში სახეზეა არაერთი ხეშესახები მიღწევა. ამასთან, მნიშვნელოვანი იყო სასჯელაღსრულების სამინისტროს სასწავლო ცენტის ჩართულობა და პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომელთა გადამზადება“, – განაცხადა კრისტიან ურსემ.
ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ მეორე ფაზის განხორციელება მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და 18 თვის განმავლობაში გაგარძელდება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ციხეებში, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში სამი ძირითადი გამოწვევის დაძლევას: ჯანდაცვის სერვისებზე პატიმართა და დაკავებულ პირთა ხელმისაწვდომობის გაზრდას; ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმართა, ასევე, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა მკურნალობის გაუმჯობესებას ევროპული და სხვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; პრევენციული ღონისძიებებისა და დაკავების ადგილების, მათ შორის, ფსიქიატრიული დაწესებულებების შიდა და გარე ზედამხედველობის/კონტროლის მექანიზმის გაძლიერებას. რაც შეეხება მმართველ საბჭოს, მისი ფუნქცია პროექტის ფარგლებში მიღწეული პროგრესის მონიტორინგის, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ნაბიჯების განხილვა და სამუშაო გეგმის დამტკიცებაა. საბჭოს შემადგენლობაში შედიან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, ჯანდაცვის სამინისტროების, ასევე, პროკურატურისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0