„ადვოკატთა შესახებ“ კანონში ცვლილებები უახლოეს სხდომაზე იქნება ინიცირებული

27/09/2017

„ადვოკატთა შესახებ“ კანონში ცვლილებები უახლოეს სხდომაზე იქნება ინიცირებული და ის ადვოკატთა პროფესიულ განვითარებას და კანონში არსებული ხარვეზების დაძლევას ითვალისწინებს, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ადვოკატთა ინსტიტუციური გაძლიერებისთვის, გუშინ, საქართველოს პარლამენტმა ახალი საკონსტიტუციო ჩანაწერი მიიღო, რითიც, პირველად კონსტიტუციის დონეზე, განისაზღვრა ადვოკატის ინსტიტუციური დაცვის გარანტია.
მისი თქმით, კონსტიტუციური კანონის მიღების შემდეგ პირველი ცვლილებები „ადვოკატთა შესახებ“ კანონში და მისგან გამომდინარე „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონში შევა.
ეკა ბესელიას განცხადებით, გასულ წელს, მისი ინიციატივით სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა შესაბამისი ცვლილება, რომლითაც ადვოკატის პროფესიის დაცვის გარანტია გაუთანაბრდა სისხლის სამართლის პროცესის დროს მოსამართლის, პროკურორის და გამომძიებლის დაცვის გარანტიებს და დაემატა მათ ჩამონათვალს.
მისივე თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ადვოკატთა ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაცია „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში – PROLoG” და „გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, სამუშაო ჯგუფის ფორმატში, მოამზადა ახალი ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს ადვოკატის პროფესიის გაძლიერებას და ამით ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაზრდას ქვეყანაში.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციური კანონით, ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზება გარანტირებულია კანონით. როგოც ეკა ბესელიამ აღნიშნა, ადვოკატთა ასოციაციას წინადადების საფუძველზე, „ადვოკატთა შესახებ“ კანონში აისახება ჩანაწერი, რომელიც გაეროს კონვენციიდან გამომდინარეა.
ადვოკატთა სამართლებრივი დაცვის განმსაზღვრელ თავს დაემატება რომ, „დაუშვებელია ადვოკატის საქმიანობაში არამართლზომიერი ჩარევა, მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლა, სახელმწიფო ორგანოთა თუ სხვა პირთა არასათანადო ზემოქმედება, დაშინება, შევიწროება, იძულება, დევნა, მასზე ზეწოლა, მორალური ან/და მატერიალური ზიანის მიყენება, მის მიმართ ძალადობის ან ძალადობის მუქარის გამოყენება, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს ადვოკატის დამოუკიდებლობა“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0