ადიგენში დღეს ქართული ენის დღე აღინიშნა

14/04/2016

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობას საჯარო სკოლის მოსაწავლე იღებდნენ, რომლებიც საზოგადოების წინაშე საკუთარი შემოქმედებებით წარსდგნენ.
ღონისძიების ბოლოს ახალგაზრდებს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან სპეციალური, წამახალისებელი პრიზი – ,,საქართველოს ატლასი“ გადაეცათ.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის და საჯარო სკოლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ 14 აპრილი საქართველოში დედაენის დღედ 1978 წლის მოვლენების აღსანიშნად 1990 წლიდან დაწესდა.
1977 წელს ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ შეიმუშავა კონსტიტუციის გეგმა, რომელშიც, 1936 წლის კონსტიტუციისგან განსხვავებით, ქართული სახელმწიფო ენად უკვე აღარ იყო გამოცხადებული. 1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა გადაწყვიტა. სსრკ-ის სახელმწიფო ენად მხოლოდ რუსული ენა რჩებოდა. კრემლის ინიციატივას თბილისში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა და პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია. საქართველოში სახელმწიფო ენად კი კვლავ ქართული ენა დარჩა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0