აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გურიაში ინტენსიურად მიმდინარეობს

31/08/2017

ქიმიური წამლობა ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში (გურიანთა, სოფელ ოზურგეთი, ნიგოითი, შუხუთი, ჩიბათი, ლესა, ჩოჩხათი, სუფსა და ნიგვზიანში) ინტენსიურად მიმდინარეობს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ამ დროისთვის 2 ათასამდე ჰექტარი ფართობია შეწამლული და წინასწარი მონაცემებით 3 ათასამდე ჰექტრის დამუშავებაა დაგეგმილი. მავნებლის გავრცელების კერები და საკარმიდამო ნაკვეთები თერმული ნისლის ტექნოლოგიით და სამანქანე აგრეგატებით მუშავდება.
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, მოადგილე გიორგი იაკობაშვილი და გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე გაეცნენ.
„აზიური ფაროსანა გამოწვევაა აგრარული სექტორისთვის და მნიშვნელოვანია ის ღონისძიებები, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ატარებენ, მათ შორის გურიის რეგიონში. ღონისძიებების პირველ ეტაპზე ჩატარებული და ამჟამად მიმდინარე წამლობის შედეგად ფაროსანას პოპულაცია შემცირდა, თუმცა მავნებელთან ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია და ჩვენ ვაგრძელებთ წამლობას. ამასთან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა და აქტიურობა მავნებელთან ბრძოლის მიმართულებით, რაც წამლობის გარდა მექანიკური ღონისძიებების გატარებასაც გულისხმობს“- განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
„გურიის სამხარეო ადმინისტრაცია და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები აქტიურად არიან ჩართულები იმ მასშტაბურ ღონისძიებებში, რომლებიც აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტარდება. გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მუშაობს სურსათის ეროვნული სააგენტოს ტექნიკა და სპეციალისტები. ჩვენ, სააგენტოსთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ მავნებლის გავრცელების კერების იდენტიფიცირებაში, რათა სრულად და დროულად მოხდეს ღონისძიებების გატარება. “ – აღნიშნა მერაბ ჭანუყვაძემ.
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პირველ ეტაპზე 53 ათასი ჰექტარი თხილის ფართობი დაამუშავა. მეორე ეტაპზე 50 ათასი ჰექტრის დამუშავებაა დაგეგმილი. უცხოელი ექსპერტების შეფასებით, გატარებული ღონისძიებების შედეგად მავნებლის გავრცელების გეოგრაფია არ გაზრდილა და ლოკალიზებულია მხოლოდ დასავლეთ საქართველოში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0