აზიური ფრთოსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს

02/06/2017

აზიური ფრთოსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები სამეგრელოში აქტიურად მიმდინარეობს. თხილის პლანტაციაში უკვე დამონტაჟებულია 15 ათასამდე ფერომონი (მავნებლის დამჭერი ხაფანგები). სამეგრელოს რეგიონში ინვაზიური მავნებლის – აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან ზურაბ ჩეკურაშვილთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კახაბერ რუსიასთან და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორის მოადგილესთან ტომას მოლსთან ერთად გაეცნო. მათ სენაკის მუნიციპალიტეტში მავნებელთან ბრძოლის ის აღჭურვილობა დაათვალიერეს, რომლებიც საქართველოს მთავრობას, USAID-მა სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) ფარგლებში, საჭირო პრეპარატებთან ერთად, უსასყიდლოდ გადაეცა. სენაკის მუნიციპალიტეტში გამართულ ღონისძიებაში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის(REAP), ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ფერმერები მონაწილეობდნენ. სახელმწიფო პროგრამით, 2017 წელს გათვალისწინებულია აზიური ფაროსანას ყველაზე მეტად გავრცელებულ კერებში თხილის ნარგავების (რომელთა ფართობი არ აღემატება 1,5 ჰექტარს) ორჯერადი დამუშავება ზურგსაკიდი ძრავიანი შემასხურებელი აპარატებით. შეწამვლითი სამუშაოები 48 544 ჰექტარზეა დაგეგმილი. ქიმიური წამლობისას გამოყენებული იქნება ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც აპრობირებულია საქართველოში. მოსახლეობას ჰექტარ-ნახევარს სახელმწიფო საკუთარი სახსრებით შეუწამლავს, ჰექტარ-ნახევრიდან 5 ჰექტრამდე ფართობის მფლობელებს კი პრეპარატი უსასყიდლოდ გადაეცემათ. აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა და 2016 წელს გავრცელდა. მავნებელმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მეთხილეობის დარგს. ინვაზიური მავნებელი, თხილის გარდა, აზიანებს თითქმის ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0