აკაკი ზოიძემ და ლევან კობერიძემ პარიზში საპარლამენტო სემინარში მიიღეს მონაწილეობა

27/10/2017

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან კობერიძემ 27 ოქტომბერს პარიზში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ევროპის სოციალური ქარტიის ქვეკომიტეტის მიერ ორგანიზებულ საპარლამენტო სემინარში – „დასაქმება, გადამზადება და თანაბარი შესაძლებლობები: როგორ უზრუნველვყოთ სამართლიანი მოპყრობა და ჩართულობა ყველასთვის“ მიიღეს მონაწილეობა.
საპარლამენტო სემინარზე ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში სოციალური საკითხებისა და დასაქმების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და ევროპის სოციალურ საკითხთა კომიტეტის საბოლოო დასკვნაზე იმსჯელეს. დასკვნაში 2016 წელს ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში ევროპის სოციალური ქარტიის დარღვევებზეა საუბარი.
აკაკი ზოიძემ და ლევან კობერიძემ დამსწრეებს საქართველოში სოციალური უფლებების, სოციალური საკითხებისა და დასაქმების მიმართულებით არსებული ვითარება გააცნეს.
საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ასევე, დასაქმების უფლების, პროფესიული გადამზადებისა და ქალთა და მამაკაცთათვის თანაბარი შესაძლებლობების უფლების შესახებ გამართულ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა.
„ის საკითხები, რომლებზეც დღეს ვიმსჯელეთ, აქტუალურია საქართველოში. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ჩვენი მეგობარი ქვეყნების – ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების გამოცდილების გაცნობა და ამის საფუძველზე, დაბალანსებული, ქართულ რეალობაზე მორგებული მოდელის ჩამოყალიბება. ამ საკითხზე კომიტეტი მთავრობასთან და ყველა მიზნობრივ ჯგუფთან ერთად, აქტიურად მუშაობს“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0