ალექსანდრე ბარამიძე სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენარულ სხდომათა დარბაზში სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის მუშაობაში იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბარამიძე მონაწილეობდა.
შეხვედრაზე სასამართლო რეფორმის განახლებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა განიხილეს, რომელიც 2017-2021 წლებს მოიცავს.
სტრატეგიის მიზანია სასამართლო სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მის მიმართ ნდობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა. რეფორმა ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორიცაა: მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნის, დაწინაურებისა და მივლინების მექანიზმის დახვეწა, პროცესის გამჭვირვალობისა და მაქსიმალური ობიექტურობის უზრუნველყოფა; იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა; იუსტიციის სკოლის მსმენელთა პროფესიული მომზადებისა და მოქმედი მოსამართლეების გადამზადების მეთოდის, სისტემისა და კურიკულუმის დახვეწა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა; ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის დასაბუთებულობის პრინციპის დანერგვა; ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესის სრულყოფა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
სამუშაო ჯგუფის წევრებს სასამართლო რეფორმის განახლებულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კომენტარებისა და შენიშვნების წარდგენისათვის განსაზღვრული ვადა მიეცათ. შემოსული წინადადებები საჭიროებისამებრ აისახება 2017-2021 წლების სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის წევრები − აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლები, აგრეთვე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, ფონდი „ღია საზოგადოება − საქართველო“, ციხის საერთაშორისო რეფორმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო“, სახალხო დამცველის აპარატი, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, გაერო-ს ბავშვთა ფონდი, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი, „USAID“-ის პროექტი კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში; ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში; ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში; გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის საზოგადოება; ევროკავშირის პროექტი „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“.

Visited 128 times, 1 visit(s) today