ამჟამინდელი კომპლექსური რეალობის გათვალისწინებით, როგორც არასდროს, გვჭირდება მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერა კავკასიის რეგიონში

26/09/2023

„ჩემთვის პატივია ევროატლანტიკური მედეგობის ცენტრში სტუმრობა და საქართველოს ევროატლანტიკურ დღის წესრიგზე საუბარი ამჟამინდელ კომპლექსურ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელიც კიდევ უფრო დაამძიმა რუსეთის საფუძველს მოკლებულმა და გაუმართლებელმა ომმა უკრაინაში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რუმინეთში, ევროატლანტიკური მედეგობის ცენტრში სტუმრობისას. მისივე განცხადებით, მიმდინარე მოვლენები ნათელი გამოვლინებაა რუსეთის მცდელობების, ძალის გამოყენებით შეცვალოს საზღვრები ევროპაში და დაშალოს უსაფრთხოების არსებული არქიტექტურა კონტინენტზე.

„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებისთანავე, ჩვენ ვცდილობდით ჩვენი ნათელი გზავნილის გავრცელებას საერთაშორისო საზოგადოებაში, რომ 2008 წლის ომი არ უნდა იყოს მიჩნეული განცალკევებულ შემთხვევად, არამედ უნდა იყოს განხილული რუსეთის რევიზიონისტული პოლიტიკის კონტექსტში. ნამდვილად, საქართველომ უძლებდა რუსეთის აგრესიას 1990-იანი წლების დასაწყისიდან, როდესაც მოსკოვმა პირველი ომები სატელიტების მეშვეობით დაიწყო და შემდეგ განახორციელა აგრესიული და ძალადობრივი პოლიტიკა ომის ჰიბრიდული ინსტრუმენტების გამოყენებით. თუმცა, იმ დროს ჩვენ არ მიგვიღია სათანადო რეაგირება. დასავლეთში ბევრმა ჩვენი პოზიცია გაზვიადებულად მიიჩნია, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მიუხედავად. ამჯერად კი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მომსწრენი გავხდით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის განმეორებითმა შეჭრამ მნიშვნელოვნად შეცვალა გეოპოლიტიკური ვითარება და, მასთან ერთად, დასავლეთის დამოკიდებულებაც. დღესდღეობით დასავლეთი ნამდვილად ეწინააღმდეგება რუსეთის პოლიტიკას.

„საქართველო, რომელმაც პირველმა გამოსცადა რუსული აგრესია, მიჰყვება დასავლეთის მიდგომას და სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვიყავით უკრაინასთან დაკავშირებული ყველა საერთაშორისო სამართლებრივი და პოლიტიკური ნაბიჯის თანასპონსორი და მხარდამჭერი და, აგრეთვე, მივიღეთ ათიათასობით უკრაინელი ლტოლვილი, რუსეთის მიერ ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიებიდან 300,000 იძულებით გადაადგილებული პირის მსგავსად და უზრუნველვყავით მათთვის თავშესაფარი, ფინანსური დახმარება და განათლებაზე, ჯანდაცვასა და სხვა სოციალურ მომსახურებებზე წვდომა. როდესაც საუბარი პირდაპირ სამხედრო დახმარებას ეხება, ჩვენ უფრო ფრთხილები ვართ, რადგან ჩვენს ქვეყანაში ომსა და მშვიდობას შორის ბეწვის ხიდზე ვდგავართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ რუსეთი აგრძელებს უკანონო ბორდერიზაციას, საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მცოცავ ოკუპაციას; ამ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით ვითარება მძიმდება. რუსეთის პროვოკაციული ქმედებების მიუხედავად, საქართველო გულმოდგინედ მიჰყვება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის პოლიტიკას, ეყრდნობა მხოლოდ პოლიტიკურ და დიპლომატიურ საშუალებებს და მიზნად ისახავს მთლიანი რეგიონისთვის ძალიან საჭირო სტაბილურობის უზრუნველყოფას. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, საერთაშორისო საზოგადოების ძლიერი პოზიციაა მნიშვნელოვანი, რათა რუსეთამდე მივიდეს ნათელი გზავნილი, რომ სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა არ არის მისაღები.

„ამჟამინდელი კომპლექსური რეალობის გათვალისწინებით, როგორც არასდროს, გვჭირდება მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერა კავკასიის რეგიონში, სადაც კვლავ არსებობს გამოწვევები, მათ შორის, სამხედრო ინციდენტები ყარაბაღში, რუსეთის დომინანტური სამხედრო პოზიციები, ეკონომიკური გამოწვევები. გვჯერა, რომ რეგიონის თავისუფლების მოყვარე ერებს შორის თანამშრომლობაა საჭირო რეგიონული უსაფრთხოების პრობლემების მოსაგვარებლად და სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. თუმცა, რეგიონი არ გვაძლევს დამშვიდების შესაძლებლობას. ბევრი დაინტერესებული მხარის ჩართულობის მიუხედავად, რაც ხშირად უშედეგო იყო, კვლავ ნარჩუნდება არეულობა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება კვლავ არ არის მიღწეული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ საბედნიეროდ, ახლახანს ყარაბაღში განხორციელებული ესკალაციის მორიგი ეტაპი არ გადაიზარდა ფართომასშტაბიან შეტაკებებში.

„მომავალი გვიჩვენებს იქნება ეს თუ არა ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის დასასრული. ამ კომპლექსურ ვითარებაში, საქართველო მხარს უჭერს მშვიდობის აღდგენასა და მხარეებს შორის მოლაპარაკებების ხელახლა დაწყებას. საქართველომ უკვე გადადგა ნაბიჯები მეზობლებს – სომხეთსა და აზერბაიჯანს – შორის კომუნიკაციის ხელშესაწყობად და გააგრძელებს წვლილის შეტანას რეგიონული მშვიდობის უზრუნველყოფაში. ჩვენ, აგრეთვე, მივესალმებით შერიგების პროცესს თურქეთსა და სომხეთს შორის და გვჯერა, რომ ეს პროცესი ურთიერთობების სრულ ნორმალიზებას გამოიღებს შედეგად“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მანვე უსაფრთხოების გარემოზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რეგიონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დაკავშირებადობისა და ევროპის ენერგოუსაფრთხოების კუთხით.

„შესაბამისად, სასწორზე ბევრი რამ დევს. შავი ზღვა დიდი პოლიტიკური დაძაბულობის სივრცეა, თუმცა, ამავდროულად, ის ერთობლივი მოქმედებისთვის ბევრ შესაძლებლობას გვთავაზობს. ე.წ. „შუა დერეფანი“ ევროპასა და აზიას შორის ყველაზე მოკლე და იაფი სატრანზიტო მარშრუტია. ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, მაგრამ შუა დერეფანი ისტორიული აბრეშუმის გზაა. საქართველო ყოველთვის იყო ამ გზის ნაწილი. უსაფრთხოების გარემოს ამჟამინდელი გაუარესება ზრდის სავაჭრო მარშრუტების ისტორიული მნიშვნელობის აღდგენის საჭიროებას. საქართველო ძალისხმევას არ იშურებს, რათა გააძლეროს თავისი როლი, როგორც ლოგისტიკურმა ცენტრმა და რეგიონში ბიზნესის კეთების კუთხით ჰაბმა. ამ მხრივ, საქართველო მოწადინებულია, მიიღოს მონაწილება ყველა ძირითად სტრატეგიულ პროექტსა და ინიციატივაში, რათა წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებაში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ ინიცირებული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელის პროექტი კარგი მაგალითია, რომელიც ევროკავშირს ენერგორესურსების დივერსიფიკაციაში დაეხმარება. მისივე განცხადებით, ჩვენ წინაშე არსებულ სხვადასხვა საფრთხესა და გამოწვევასთან გასამკლავებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთი მეტად იყოს ჩართული რეგიონში.

„შესაბამისად, საქართველო ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას ეკონომიკური კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გარანტიად მიიჩნევს და ქართველი ხალხის ეს არჩევანი საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული. ამასთანავე, საქართველო, როგორც ევროკავშირისა და ნატო-ს სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორი, ყოველთვის მზადაა, წვლილი შეიტანოს ევროპულ და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში რუსეთიდან საპასუხო ქმედებების რეალური საფრთხის მიუხედავად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, წლების განმავლობაში, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ნატო-ში გაწევრიანების გზაზე და ბევრი კუთხით, უკვე ისე მოქმედებს, როგორც ალიანსის წევრი ქვეყანა.

„თუმცა, უკვე 15 წელი გავიდა 2008 წლის ბუქარესტის სამიტის ისტორიული გადაწყვეტილებიდან, რომელიც საქართველოსა და უკრაინას ნატო-ს წევრობას ჰპირდება, და 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ განაცხადი გააკეთა. ამ პერიოდის განმავლობაში, ალიანსის წევრთა დახმარებითა და მხარდაჭერით, განვავითარეთ დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც სცდება ნატო-ში გაწევრიანების საბაზისო სტანდარტებს, ხოლო ქართული სამხედრო ძალები ალიანსთან სრულად თავსებადი გახდა. შესაბამისად, დროა, მივაღწიოთ ხელშესახებ პროგრესს ინტეგრაციის პოლიტიკურ განზომილებაშიც. საქართველო, უკრაინის გამარჯვების შემდეგ ფორმულირებული, ახალი უსაფრთხოების წესრიგის სწორ მხარეს უნდა იდგეს“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე შეფასებით, ამჟამინდელი მღელვარე პერიოდი, რომელიც, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ შენარჩუნდება, სათანადო მომენტია ევროკავშირისთვისაც, რომ მან შეასრულოს მიზნები, რომლებისთვისაც შეიქმნა: მდგრადი რეგიონული მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა.

„ევროკავშირს შეუძლია გააძლიეროს თავისი „რბილი ძალა“ სიმართლის, მორალურობისა და ევროკავშირის ღირებულებების მხარეზე ყოფნით, რომლებსაც დიდი ხანია მისდევს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში, საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს და მიაღწია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს წარმატებულმა დემოკრატიულმა ტრანსფორმაციამ ქვეყანა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში აშკარა ლიდერად აქცია. თუმცა, როდესაც გასულ წელს საქართველოსთან დაკავშირებული რეალური გადაწყვეტილების დრო დადგა, ევროკავშირმა უკან დაიხია და, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ნაცვლად, ევროპული პერსპექტივა მოგვანიჭა. მას შემდეგ, საქართველოს პარლამენტი წარმართავს 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს, რომელიც მოიცავს დეპოლარიზაციის, სასამართლო და საარჩევნო რეფორმების, გენდერული თანასწორობისა და სხვა საკითხებს. ველით, რომ საქართველოს პროგრესი სათანადოდ შეფასდება და შესაბამისი გადაწყვეტილები მიღებული იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომის მიხედვითა და ფართო გეოპოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღარ მოხდეს საქართველოს ნეგატიური დიფერენციაცია უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკისგან.

„ქართველი ხალხი და მთავრობა ელოდება, რომ წელს საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. აგრეთვე, ველით, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყება საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკასთან ერთად. ეს ნაბიჯები ხალხს მისცემს მიზანს გაერთიანებისთვისა და, ამ გაურკვეველ პერიოდში, უკეთესი მომავლის იმედს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ ახლა გადამწყვეტი მომენტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის, მაგრამ, აგრეთვე, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისთვისაც, რომელიც მშვიდობაში, სტაბილურობასა და ეკონომიკურ ზრდაში მთლიანი ევროპის ინვესტიციას წარმოადგენს.

„შესაბამისად, დროა, მიღებულ იქნეს სტრატეგიული და მომავალზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები, რომლებიც მტკიცედ დააკავშირებს საქართველოს – ევროკავშირის მომავალ წევრ ქვეყანას – ევროპული დემოკრატიების ერთიან ოჯახს. და ბოლოს, მსურს, ხაზი გავუსვა ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსა და რუმინეთს შორის. ჩვენ მოწადინებულები ვართ, კიდევ უფრო განვავითაროთ ეს თანამშრომლობა. ჩვენ, აგრეთვე, იმედს ვამყარებთ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მიზნებისადმი ჩვენი რუმინული კოლეგების მხარდაჭერაზე. ჩვენმა კავშირებმა დროს გაუძლო და მე დარწმუნებული ვარ ჩვენს ერთობლივ ევროპულ მომავალში. იმედი მაქვს, რომ შემდეგ ათწლეულში ევროკავშირისა და ნატო-ს საოცნებო ქოლგა საქართველოს ცაზე გაიშლება“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0