ანდრეი კისკა არჩილ ხაბაძეს შეხვდა

01/06/2016

სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ და აქტიურ თანამშრომლობაზე და მეგობრობაზე ისაუბრეს. არჩილ ხაბაძემ სტუმარს მადლობა გადაუხადა აჭარაში ჩამობრძანებისათვის და იმ ორმხრივი ურთიერთობის ეფექტურობასა და შედეგებზე ესაუბრა, რომელიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას მეგობარი ევროპის ქვეყნების რეგიონებთან აკავშირებს. სლოვაკეთისა და საქართველოს სხვადასხვა ფორმატით უკვე წარმატებული თანამშრომლობა და სლოვაკეთის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია ქვეყნის ტრანსფორმაციისა და ევროინტეგრაციის პროცესში. ასევე ხაზი გაესვა ბათუმში დაგეგმილი ბიზნეს ფორუმის მნიშვნელობას, რომლიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებულ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და გააქტიურებას.
ადგილობრივ და სლოვაკელ ბიზნესმენებს B2B შეხვედრაზე ექნებათ შესაძლებლობა ისაუბრონ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, დაამყარონ საქმიანი კონტაქტები. ნახევარსაათიანი შეხვედრის შემდეგ სლოვაკეთისა და საქართველოს პრეზიდენტები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად სასტუმრო ჰილტონში ბიზნეს ფორუმს გახსნიან. მოგვიანებით კი მოინახულებენ ბათუმის 26-ე საჯარო სკოლაში არსებულ ინკლუზიური სწავლების ცენტრს, დაათვალიერებენ ცენტრის ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენას და სახელოსნოებს. მოგვიანებით პრეზიდენტები რეგიონის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ბათუმის ბულვარში გაისეირნებენ. ანდრეი კისკას ვიზიტი საქართველოში 2 ივნისს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0