არჩილ ხაბაძემ იუნკერთა მემორიალს პატივი მიაგო

26/05/2016

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, ქალაქ ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იუნკერების საფლავი ყვავილებით შეამკეს. მემორიალთან შეკრებილმა საზოგადოებამ გასული საუკუნის დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირები, მათი ღვაწლი და თავდადება გაიხსენეს. საზღვაო აკადემიის სასულე ორკესტრის მიერ შესრულებული ქართული საბრძოლო მუსიკის ფონზე მემორიალთან შეკრებილმა საზოგადოებამ ანბანის კოშკისკენ გადაინაცვლა. ანბანის კოშკთან ქალაქ ბათუმის მერიის ორგანიზებით 26 მაისის თემატიკაზე გადაღებული ფოტო-გამოფენა მოეწყო, რომელიც მთელი დღის განმავლობაში უმასპინძლებს ბათუმელებსა და მის სტუმრებს. მთავრობის წარმომადგენლები გაეცნენ ასევე ნავმისადგომის ტერიტორიაზე გამოფენილ სამხედრო ტექნიკას. 26 მაისის საიუბილეო წელთან დაკავშირებით მთელ საქართველოში მრავალფეროვანი საზეიმო ღონისძიებები იმართება. დღესვე, ბათუმის ბულვარის კოლონადებთან გაიმართა სამხედრო ფიცის მიღების ცერემონია, ბავშთა საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის მონაწილეების მსვლელობა ბათუმის ქუჩებში. 26 მაისს, ბათუმი უმასპინძლებს ასევე ამ დღესთან დაკავშირებით სტუმრად ჩამოსულ ქალაქ სტამბოლის მერს. საღამოს 20:00 საათზე, ანბანის კოშკთან ჩატარდება საზეიმო კონცერტი, რომელზედაც დასწრება თავისუფალი იქნება ყველა მოქალაქისა და ქალაქში მყოფი ტურისტისათვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0