არჩილ ჯაფარიძემ გაფართოებული თათბირი გამართა

01/09/2018

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემოს სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ გაფართოებული თათბირი გამართა. შეხვედრას გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და სამინისტროების რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. თათბირის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა მოსახლეობის საშეშე მერქნით უზრუნველყოფის, აზიური ფაროსანას გავრცელების პრევენციის, მოახლოებული რთველისათვის მზადების და სხვა საკითხზე.
თათბირზე განიხილეს მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და შეაფასეს არსებული მდგომარეობა. მნიშვნელოვანი დრო დაეთმო სასმელი წყლების უსაფრთხოების, სათავე ნაგებობებისა და შიდა ქსელური სისტემების მოწესრიგების აუცილებლობის საკითხს. მუნიციპალიტეტების მერებს მიეცათ მითითება გაატარონ ღონისძიებები სასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესებისა და სათავე ნაგებობების მოწესრიგებისათვის.
გუბერნატორმა ცალკე გამოყო ტურისტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის აუცილებლობის საკითხი. მან აღნიშნა, რომ რეგიონის უნიკალური ბუნებრივი ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების ფონზე აუცილებელია მოხდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მომდევნო წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას მსგავს პროექტებზე აქცენტირება.
შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა და დაისახა კონკრეტული გეგმები, სამხარეო ადმინისტრაციის, მუნიციპალური და რეგიონული სამსახურების კოორდინირებული მუშაობით, არსებული პრობლემების გადასაჭრელად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0