არ დავუტოვებ სტალინის სურათებიან ოთახებს ამ ქვეყანას, სანამ შემიძლია. ამის შესახებ თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება 2016 წლის ოქტომბერში, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის მისაღებია და ის გადაწყვეტს სტალინის სურათები უნდა ეკიდოს სახელისუფლებო დაწესებულებების ოთახებში თუ ევროკავშირისა და ნატოს დროშები. კითხვაზე, ხომ არ ნიშნავს ხიდაშელის ეს განცხადება, რომ “რესპუბლიკელები” და “მრეწველები” ერთ კოალიციაში არ იქნებიან, ხიდაშელმა განაცხადა, რომ არჩევანი გასაკეთებელი იქნება. მისივე თქმით, ყველა კოალიციას თავისი საარჩევნო დეკლარაცია და საარჩევნო განაცხადი აქვს და იქ ყველაფერი ნათელი იქნება.
მისივე თქმით, “რესპუბლიკელებისა” და “მრეწველების” ერთად ყოფნის შესახებ შეკითხვა ახლა მისთვის აქტუალური არ არის. “იქამდე იმდენი რამე მოხდება, რომ ამ კითხვაზე პასუხი ბუნებრივად იქნება გაცემული. არ მინდა, რომ რაღაც პროცესის დასაწყისის განცდა გაგიჩინოთ”, – აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.
ჟურნალისტის კითხვაზე – როგორ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამომრჩეველმა, როდესაც კოალიცია “ქართული ოცნების” შემადგენლობაში ორივე პარტია _ “რესპუბლიკელები” და “მრეწველები” იქნებიან წარმოდგენილი, ხიდაშელმა უპასუხა:
“გაძლევთ პირობას, რომ თქვენ ამ არჩევანს მარტივად გააკეთებთ და ამას აჩვენებს დღეიდან არჩევნებამდე სახელისუფლებო მოქმედებები. მეტს ახლა ნუ მომთხოვთ”- განაცხადა მან.
მისივე თქმით, “რესპუბლიკელები” არ აპირებენ დატოვონ კოალიცია და ულტიმატუმობანა ითამაშონ.
“ყველა თავად იღებს გადაწყვეტილებას კომფორტისა და დისკომფორტის მიხედვით”, -აღნიშნა ხიდაშელმა.