ასტრაზენეკას ვაქცინით 45 წელს გადაცილებული მოქალაქეები აიცრებიან.

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინაციის პროცესში 45 წლის ზემოთ მოქალაქეები ჩაერთვებიან“, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 45 წელს ზემოთ მოქალაქეები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის გავლას https://booking.moh.gov.ge/-ზე ხვალ, 20:00 საათიდან შეძლებენ. მოქალაქეებს ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ცხელი ხაზის – 15 22-ის მეშვეობითაც შეეძლებათ.

„გასულ კვირას გერმანიამ „ასტრაზენეკაზე“ ასაკობრივი შეზღუდვის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. რისკების შეფასებისა და დამატებითი კონსულტაციების შედეგად, იმუნიზაციის საბჭომ მხარი დაუჭირა “ასტრაზენეკასთვის“ ასაკობრივი ზღვარის შემცირების საკითხს. ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნას 45 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეები ხვალ, 20:00 საათიდან შეძლებენ. სავარაუდო გართულებები, რის გამოც სხვადასხვა ქვეყანამ „ასტრაზენეკაზე“ ასაკის შეზღუდვა განიხილა, არის ძალიან იშვიათი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა „სინოვაკთან“ (Sinovac Biotech) დაკავშირებითაც იმსჯელეს. იმუნიზაციისა და ვაქცინაციის გაფართოებული საბჭო მთავრობასთან „სინოვაკის“ შედარებით ადრეული გამოყენების საკითხს განიხილავს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ავტორიზაცია „სინოვაკის” გამოყენებასთან მიმართებით დასასრულს უახლოვდება. თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა არსებობს სტრატეგიული ექსპერტების ჯგუფის დადებითი შუალედური დასკვნა „სინოვაკის“ შედეგების შესახებ. გარდა ამისა, ხვალ, 20:00 საათიდან, „სინოფარმის“ (Sinopharm) მეორე დოზებზე რეგისტრაცია გაიხსნება. 11 მაისის მონაცემებით საქართველოში 67 136 აცრაა ჩატარებული. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი – 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს.

Visited 60 times, 1 visit(s) today