ქართველებისა და აფხაზების ერთ სახელმწიფოში ცხოვრების მრავალსაუკუნოვან გამოცდილებას მიეძღვნა ფოტოგამოფენა „აქ ერთად ვართ“, რომელიც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიამ გახსნეს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში.
ექსპოზიციამ არქივში დაცული უნიკალური ფოტომასალა გააერთიანა, რომელიც ქართველი და აფხაზი საზოგადო მოღვაწეების, პოლიტიკოსების, კულტურისა და განათლების სფეროს წარმომადგენლების მეგობრულ და საქმიან ურთიერთობებს ასახავს. გამოფენა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს ეძღვნება და კიდევ ერთხელ შეახსენებს დამთვალიერებელს, რომ პირველი რესპუბლიკა ქართველი და აფხაზი ხალხების საერთო ისტორიული წარსულია.
ეროვნულ არქივში დაცული ფოტომასალა ბევრ საინტერესო ისტორიას მოგვითხრობს. მათ შორისაა: ქართველი და აფხაზი საზოგადო მოღვაწეები მწერალთა კავშირის ყრილობებზე, სამეცნიერო კონფერენციებზე, მეცნიერებათა აკადემიის სხდომებზე, ლიტერატურულ და სამედიცინო ღონისძიებებზე, მოსწავლეებთან შეხვედრებზე, სოხუმის ქუჩებში სეირნობისას, მეგობრულ შეკრებებზე და, ტრადიციულად, სტუმარმასპინძლობისას. ფოტომატიანე ილია ჭავჭავაძის, გიორგი და ამირან შარვაშიძეების, შალვა დადიანის, სერგეი (რუსლან) შამბას, რაულ ეშბას, გურამ გაბესკირიას, კონსტანტინე გამსახურდიას, ივანე თარბას, გიორგი გულიას, ბესარიონ ჟღენტის, სიმონ ჩიქოვანის, კარლო კალაძის, ირაკლი აბაშიძის, ბაგრატ შინკუბას; სიმონ ჯანაშიას, ნიკოლოზ მუსხელიშვილის, ვიანორ ანჩაბაძის, გიორგი ახვლედიანის, დიმიტრი სოსნოვსკის, სიმონ ხეჩინაშვილის, ოდისეი დიმიტრიადის, ვახტანგ ბერიძის, ბაგრატ შინკუბას, შალვა ინალ-იფას, ივანე თარბას, გალაკტიონ ტაბიძის, სამსონ ჭარბას, რომან აგრბას, ზურაბ სოტკილავას, ოთარ მეღვინეთუხუცესის, ოთარ სიჭინავას, ბორის ადლეიბას და ბევრი სხვა ცნობილი პირის ურთიერთობის ისტორიას ინახავს.
პროექტი კიდევ ერთხელ შეახსენებს საერთაშორისო საზოგადოებისა და ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს ქართველებისა და აფხაზების ერთ სახელმწიფოში ცხოვრების მრავალსაუკუნოვან ისტორიას და იმ ადამიანურ ურთიერთობებს, რომლებიც ორი ერის წარმომადგენლებს შორის არსებობდა და არსებობს.
გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზები, აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები.
ფოტოგამოფენას − „აქ ერთად ვართ“ − ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი 23 მაისამდე უმასპინძლებს.