აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის ფარგლებში ბრიუსელის სამიტის მოსამზადებელი საკითხები განიხილეს

10/07/2017

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის მეცხრე შეხვედრაში მონაწილეობს, რომელსაც მოლდოვა მასპინძლობს.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი სამიტის მოსამზადებელი პროცესი და მოლოდინებია.

არაფორმალური დიალოგის მონაწილეების მხრიდან ხაზი გაესვა მომდევნო სამიტის მნიშვნელობას, რომელმაც ახალი იმპულსი და შესაძლებლობები უნდა შესძინოს „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ და ორიენტირებული უნდა იყოს პარტნიორი ქვეყნების მოსახლეობისთვის პრაქტიკული შედეგების მიღწევასა და ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორი“ ქვეყნებთან ურთიერთობის კიდევ უფრო განმტკიცებაზე.
ამ მხრივ ხაზის გაესვა ევროკავშირის მიერ მომზადებული დოკუმენტს „20 Deliverables for 2020”, რაც ითვალისწინებს კონკრეტულ გეგმასა და ინიციატივებს და ორიენტირებულია პარტნიორი ქვეყნების მოსახლეობას მოუტანოს ხელშესახები შედეგები.

არაფორმალური დიალოგის ფარგლებში ევროკავშირის მხრიდან ასევე გაჟღერდა ახალი ინიციატივის შესახებ – საგარეო საინვესტიციო გეგმა, რომელიც ევროპარლამენტმა გასულ კვირას დაამტკიცა. გეგმა ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას გრანტებისა და სესხის სახით პარტნიორ ქვეყნებში ბიზნესის განვითარების, სამუშაო ადგილების შექმნის, განვითარების ხელშეწყობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის. დოკუმენტის პრეზენტაცია ტალინში მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ბიზნეს ფორუმზე მოხდება.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობის რეფორმების და ქვეყნის განვითარების პრიორიტეტები შესაბამისობაშია ევროკავშირის სტრატეგიასთან, მან განსაკუთრებით გამოყო ინიციატივები და პრიორიტეტები, რაც უკავშირდება ბიზნესის ხელშეწყობას, მცირე მეწარმეობის განვითარებას, საჯარო ადმინისტრირების რეფორმას, ციფრული ბაზრის ჰარმონიზაციას, ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებას, ასევე ევროკავშირთან შემდგომი თანამშრომლობის განვითარებას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, ისევე როგორც მაქსიმალურ ინტეგრაციას ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელში და უმაღლესი განათლების სფეროში მეტ შესაძლებლობებს.

მიხეილ ჯანელიძე მიესალმა საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური დიალოგის ფარგლებში ენერგო-ეფექტურობის საკითხზე სექტორული სესიის ორგანიზებას. მან ხაზი გაუსვა ევროპის ენერგო უსაფრთხოებისა და ენერგო დივერსიფიკაციის პროცესში საქართველოს როლს და მის კონტრიბუციას და აღნიშნა, რომ საქართველოს წევრობა ევროპის ენერგეტიკულ ქარტიაში გახლავთ მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირთან სექტორალური ინტეგრაციის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკულ საკითხებზე სექტორულ სესიაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი.

არაფორმალური დიალოგის შეხვედრაზე მონაწილეების მხრიდან ასევე ხაზი გაესვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის ფარგლებში სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობას.

საკუთარ გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მისწრაფებას მოახდინოს მეტი ინტეგრაცია ევროკავშირში და აღნიშნა, რომ ქვეყნის საბოლოო მიზანი არის ევროკავშირის წევრობა. მისი განცხადებით საქართველომ მაქსიმალურად გამოიყენა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის შესაძლებლობები, რამაც დადებითი როლი ითამაშა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. დღეს საქართველო ფოკუსირებულია ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის ეფექტურ იმპლემენტაციასა და ევროკავშირთან თანამშრომლობის ამბიციურ გეგმაზე, რაც ითვალისწინებს ქვეყნის პრაქტიკულ მომზადებას ევროკავშირთან ინტეგრაციის საბოლოო მიზნისთვის.

არაფორმალურ დიალოგში ევროკავშირის მხრიდან მონაწილეობდნენ ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანი, ესტონეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი კადრი სიმსონი, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჟან-კრისტოფ ბელიარდი. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების შესაბამისი უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლები.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის ფორმატი 2013 წელს ჩამოყალიბდა და ითვალისწინებს ზოგადი და სექტორული ხასიათის შეხვედრებს. საქართველომ ამ პერიოდში არაფორმალურ დიალოგს ორჯერ (2013 და 2015 წწ.) უმასპინძლა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0