აღნიშნულ ტერიტორიაზე გვაქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა, განსაკუთრებით, უხვი ნალექის დროს

01/09/2021

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, სამგორის რაიონში, ე.წ. კაიროს დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე დასრულებულია.

„სამგორის რაიონში, ე.წ. კაიროს დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა. გვახსოვს წლების განმავლობაში, აქ რა მდგომარეობა იყო – არანაირი საგზაო ინფრასტრუქტურა არ არსებობდა, ქუჩები ატალახებული იყო. განსაკუთრებით წვიმიან ამინდში, მაღალი გამავლობის მქონე მანქანის გარეშე გადაადგილება შეუძლებელი იყო. ასევე, არ არსებობდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. დღეს ყველაფერი განახლებული და რეაბილიტირებულია. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა შესრულებული სამუშაოების შემდეგ, კმაყოფილი და მადლიერია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაოების შედეგად, დასახლებაში მცხოვრებ 600 ოჯახს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდა.

„პროექტის ფარგლებში, მოეწყო წყალარინების ქსელი და მასზე დაერთდა 310 ოჯახი; წყალგაყვანილობის ცენტრალურ ქსელზე დაერთდა 490 აბონენტი; მთლიანად დასახლებაში მოეწყო სანიაღვრე ქსელი; ჯამში, 6 კილომეტრი გზის სავალი ნაწილი რეაბილიტირდა და დაიგო ასფალტის საფარი. დასახლებაში 600 ოჯახს მთლიანად გაუუმჯობესდა საყოფაცხოვრებო პირობები. ერთი მხრივ, მძიმეა, რომ 2021 წელს გვიწევს ელემენტარულ თემებზე და მსგავს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე საუბარი, თუმცა, ეს სამწუხარო რეალობაა. ეს პრობლემა წლების განმავლობაში არსებობდა და ძალიან კარგია, რომ აღნიშნულ მისამართზე ყველაფერი მოწესრიგდა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ე.წ. კაიროს დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 6 მლნ ლარით დაფინანსდა. თბილისის მერმა კიდევ ერთ დაგეგმილ პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია იწყება.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე გვაქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა, განსაკუთრებით, უხვი ნალექის დროს. სანიაღვრე ქსელი, ფაქტობრივად, ვერ ატარებს მოსულ ნალექს და შეტბორვა ხდება. ელემენტარულად, მანქანით გადაადგილებაც კი შეუძლებელია ასეთ დროს. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. სანიაღვრე ქსელი, ფაქტობრივად, მწყობრიდანაა გამოსული. პროექტის ფარგლებში, 330 გრძივ მეტრზე ახალი სანიაღვრე ქსელი მოეწყობა, რაც წვიმის შემთხვევაში, წყლის შეტბორვის პრობლემას მთლიანად მოხსნის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, ხვალიდან მირიან მეფის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, ხოლო მომდევნო პერიოდში, შეზღუდვები ეტაპობრივად, გზის სხვადასხვა მონაკვეთში გაგრძელდება.

„მინდა, ამ დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიში მოვუხადო, თუმცა მგონი ყველა ვთანხმდებით, რომ პროექტის განხორციელება აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ იგივე პრობლემები არ მივიღოთ, რაც ბოლო თვეების განმავლობაში, უხვი ნალექის დროს ხდებოდა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოიხსნას. კიდევ არის სხვა ქუჩები, განსაკუთრებით ე.წ. დიღმის აგარაკებზე, სადაც ხევები, სამწუხაროდ, ამოვსებულია და უხვი ნალექის დროს წყალი ოჯახებში ვარდება. ამ პრობლემის მოსაგვარებლადაც ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში გვექნება კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა გადაიჭრას იგი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული პროექტისთვის, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება. გარდა ამისა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ყურადღება რეკრეაციული სივრცეების მნიშვნელობაზეც გაამახვილა. კერძოდ, აღინიშნა, რომ საბურთალოს რაიონის გამგეობამ ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე მდებარე 5 000 კვ.მ ფერდობზე სკვერის მოწყობა დაასრულა. პროექტის განხორციელებამდე, ფერდობის მდგრადობის დასადგენად, გეოლოგიური დასკვნა მომზადდა.

„ჩემთვის ქალაქში რეკრეაციული სივრცეების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო წლების განმავლობაში, ქალაქის მასშტაბით, ყველა რაიონსა და უბანში ახალი რეკრეაციული სივრცეები გავაჩინეთ, რასაც ქალაქში დამატებითი სიცოცხლე შემოაქვს. მათ შორისაა, ეს ახლადმოწყობილი სკვერი, რომელიც ძალიან ლამაზი გამოვიდა. წლების განმავლობაში, ეს ტერიტორია მოუწესრიგებელი იყო. მნიშვნელოვანია, რომ მომზადდა გეოლოგიური დასკვნა, თუ რამდენად მყარი იყო ეს ფერდობი. ამ დასკვნის საფუძველზე, უკვე სხვა სამუშაოები განხორციელდა. სკვერი ამჟამად, სრულადაა მოწესრიგებული, ულამაზესი ნარგავებით, გასართობი სივრცეებით. ბავშვების სათამაშო მოედნები მოეწყო და მთლიანად შეიცვალა განათების სისტემა, დამონტაჟდა ახალი LED სანათები, ასევე, სარწყავი სისტემა. ხვალ გვექნება შესაძლებლობა, ერთად დავათვალიეროთ ეს ულამაზესი სივრცე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა საბურთალოს რაიონის გამგებელს, გაიოზ ვასაძეს და გამგეობის თანამშრომლებს პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ ასევე განაცხადა, რომ ოთხი წლის განმავლობაში, თბილისში ქუჩის მხატვრობის 70-ზე მეტი ნამუშევარი შეიქმნა და მსგავსი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება.

„ბოლო წლებში, დედაქალაქში განსაკუთრებით აქტუალური გახდა მკაფიოდ გამოხატული ურბანული სტილის ხელოვნება – „სტრიტ არტი“. ხელოვნების ამ მიმართულებამ დროთა განმავლობაში ვანდალური და აკრძალული ქმედებების სტატუსს თავი მეტ-ნაკლებად დააღწია და თვითგამოხატვისა და თავისუფლების სიმბოლოდ, ამასთან, საინტერესო კულტურული ღირებულების მქონე ატრაქციად იქცა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, რამდენიმე წელია თბილისის მერიის ხელშეწყობით, დედაქალაქში ქუჩის მხატვრობის ფესტივალები იმართება, სადაც ქართველი და უცხოელი არტისტები მონაწილეობენ.

„2019 წელს დედაქალაქში დაფუძნდა ბერლინის „მურალ ფესტის“ ანალოგი – „თბილისის მურალ ფესტი“, რომლის ფარგლებშიც, უკვე მოიხატა 15 კედელი და წელს დაგეგმილია კიდევ 10-მდე კედლის მოხატვა დედაქალაქის სხვადასხვა უბანში – ვარკეთილში, ბახტრიონზე, ვაჟა-ფშაველას გამზირის კვარტლებსა და ჩუღურეთში. თბილისის მერიისა და ქუჩის ხელოვნების ფესტივალ „ნიკოს“ თანამშრომლობა უკვე რამდენიმე ნაყოფიერ წელს ითვლის. მადლობა მათ თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ და ბისნესკომპანიების წარმომადგენლებს მოუწოდა, სურვილის შემთხვევაში, მსგავს პროექტებში ჩაერთონ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0