აძიკვის წმ. გიორგის ეკლესიის და სამაროვნისთვის უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო პროცედურები დაიწყო

13/10/2017

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტომ დაიწყო აძიკვის წმ. გიორგის ეკლესიის და სამაროვნისთვის უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო პროცედურები, ხოლო 2018 წლიდან სააგენტო გეგმავს კომპლექსის კვლევითსა და სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას.
აძიკვის წმ. გიორგის ეკლესია მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. გოხნარში. დარბაზული ეკლესია XI საუკუნისაა, XII ს. კი სამხრეთიდან მინაშენი გაუკეთეს. ეკლესია საინტერესოა ქტიტორთა ბარელიეფით და ძველი ქართული წარწერებით, რომელთაგან ერთი ყვება ვარაზბაკურ თორელის მიერ ტაძრისთვის სოფლის შეწირვის ამბავს. მეორე წარწერა კი ქტიტორთა გამოსახულებებს ახლავს თან და მათ ვინაობას განმარტავს: შოთა, გამრეკელი, ბეშქენი და ვარაზბაკური. წარწერები XII ს. პირველი ნახევრით თარიღდება.
განსაკუთრებით გამორჩეულია ტაძრის ეზოში განთავსებული ამავე პერიოდის სამაროვანი, რომელიც ერთდროულადაა გამართული. სამარხის ქვების დამუშავების ერთგვარობა და გამოსახულებათა შინაარსი: მშვილდი, ისრები, კაპარჭი, ხმლის რამდენიმე სახეობა, ფარები, შუბები, ოროლი, ხელცული, ნაჯახი, შურდული, ასევე კომბალი, კავი კი იმაზე უნდა მიანიშნებდეს, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს ბრძოლაში დაღუპულ გმირთა საძმო სასაფლაოსთან. ამ მხრივ, აძიკვის სამაროვანს საქართველოში ანალოგი თითქმის არ მოეძებნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0