შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ნაოხრებში, სადაც 430 მეტრიან მონაკვეთზე არმირებული ბეტონი იგება, ეწყობა სანიაღვრე არხები, გვერდები კი სპეციალური მოსაპირკეთებელი ინერტული მასალით შეივსება. სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან 128 ათასი ლარით ფინანსდება.
ასფალტ-ბეტონის საფარის დასაგებად გზის საფუძვლის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია ახალციხე- წყრუთი-ანის, წყრუთი-ჭვინთა-ელიაწმინდისა და სოფელ მუსხის საავტომობილო გზებზეც.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ახალციხის მუნიციპალიტეტში 2 043 200 ლარის ღირებულების 8 საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი და ჯამში 10 კილომეტრი სიგრძის გზა მოწესრიგდება.
სოფლები, სადაც გზის რეაბილიტაცია ხორციელდება მაღალმთიანია, სადაც განსაკუთრებით ზამთრის პერიოდსა და უამინდობისას მოსახლეობას გადაადგილება უჭირს. სამუშაოების დასრულების შემდეგ მათ ადმინისტრაციულ ცენტრთან დაკავშირება კეთილმოწყობილი გზით შეეძლებათ.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე ადგილზე გაეცნენ.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების რეაბილიტაცია გრძელდება
25/04/2016