საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ბათუმში ნაპირდაცვის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 55 მილიონ ლარს სცდება.
მიმდინარე სამუშაოები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ დაათვალიერეს. სამუშაოების მიმდინარეობას ასევე გაეცნო აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე.
“სამუშაოები მიმდინარე პროცესშია. პროექტში ჩართულები არიან საერთაშორისო კონტრაქტორები. შესაბამისად, ხარისხიც არის მაღალი. იმედი გვაქვს, რომ დათქმულ ვადებში მოხდება აღნიშნული პროექტის დასრულება, რაც ერთი მხრივ, მოაწესრიგებს აღნიშნული ზოლის ინფრასტრუქტურას და ასევე, ახალ შესაძლებლობებს შექმნის ახალი ბულვარის განვითარების“-აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
ბათუმის ნაპირდაცვის პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 2 კმ ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობას, სანაპირო ზოლის აღდგენას და დაზიანებული ბულვარის სრულ რეაბილიტაციას. ბულვარის აღდგენილ სანაპიროსთან დაკავშირების მიზნით, მოეწყობა 12 საფეხმავლო ხიდი, რომლის სიგრძე 20 მეტრი იქნება, ხოლო სიგანე 1,5 მეტრი.
ბათუმში ნაპირდაცვის სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დასრულდება.