ბაკურიანში სქი-ქროსის მსოფლიო ეტაპები 26 – 28 თებერვალს გაიმართება,

25/02/2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბაკურიანში სქი – ქროსში მსოფლიო თასის ეტაპის ორგანიზატორებს შეხვდა.
ბაკურიანში სქი-ქროსის მსოფლიო ეტაპები 26 – 28 თებერვალს გაიმართება, რომლებიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ტარდება. მსგავსი მაღალი რანგის სპორტულ შეჯიბრებს საქართველოს სამთო კურორტი პირველად მასპინძლობს. შეხვედრაზე ნათია თურნავამ ისაუბრა ბაკურიანში მაღალი რანგის სამთო – სათხილამურო ტურნირის ჩატარების მნიშვნელობაზე საქართველოს, როგორც განვითარებული სამთო ტურისტული ქვეყნის, პოპულარიზებისთვის. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს როგორც ბაკურიანში, ასევე გუდაურში საერთაშორისო შეჯიბრებების გამართვას და ამ მიზნით აქტიურად მონაწილეობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში. მინისტრის განცხადებით, ბაკურიანი მზადაა, მაღალ დონეზე უმასპინძლოს როგორც მსოფლიო თასის ეტაპებს, ასევე 2023 წელს სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს. ნათია თურნავას თქმით, მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრი ტარდება 2023 წლის ზამთრის ჩემპიონატისთვის მზადების ეგიდით და ამ მიზნით საქართველოში ძალიან სერიოზული დელეგაციები ჩამოდიან 9 სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ამ მნიშნელოვან სპორტულ ღონისძიებაში.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით გამართული შეჯიბრებები COVID პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ჩატარდება. ითქვა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში ბაკურიანში უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა – აშენდა სამი ახალი საბაგირო, დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, შეძენილ იქნა სპეც-ტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი და სხვა.
შეხვედრაზე ასევე განხილული იყო საქართველოში ზამთრის სათხილამურო კურორტების განვითარების პერსპექტივები, ასევე ქვეყნის ზამთრის კურორტების მზადყოფნაზე, უმასპინძლოს ზამთრის სპორტის საერთაშორისო შეჯიბრებებს.
შეხვედრას საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის სქი-ქროსის მიმართულების დირექტორი კლაუს ვალდნერი, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი ირაკლი ჭირაქაძე, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა და ვიცე-პრეზიდენტი პატრიკ ლანგი ესწრებოდნენ.
აღნიშნავია, რომ სქი-ქროსში მსოფლიო თასის ეტაპის ფარგლებში, ბაკურიანში 9 ქვეყნის 51 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას (ავსტრია, ბელგია, კანადა, ჩეხეთი, ბრიტანეთი, იაპონია, შვეიცარია, შვედეთი, ა.შ.შ.). ტურნირის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებს აქტიურად გააშუქებს საერთაშორისო მედია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0