„ბიზნესდაჯილდოება 2016“

18/11/2016

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო „თიბისი ბანკისა“ და „ჯეოსელის“ ერთობლივ პროექტის „ბიზნესდაჯილდოება 2016“ ფინალურ ღონისძიებაში და ნომინაციაში „საუკეთესო მცირე ბიზნესი“ გამარჯვებული კომპანიის „White Studio”-ს წარმომადგენელს პრიზი გადასცა. დაჯილდოების ცერემონიას ასევე დაეწრნენ მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის, „ბიზნესდაჯილდოება 2016“-ში მონაწილე კომპანიები. მისასალმებელ სიტყვაში პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი მიესალმა მსგავსი ბიზნესდაჯილდოების ჩატარებას, გამარვებულ კომპანიებს აღიარება მიულოცა და განაცხადა, რომ შეფასების პროცესი ძალიან გამჭვირვალედ წარიმართა და კარგად იყო შერჩეული ის კრიტერიუმები, რის მიხედვითაც შეფასდნენ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები. „ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის წილის ზრდა. დღეს ჩვენს მშპ-ში მცირე და საშუალო ბიზნესზე მხოლოდ 21 პროცენტიანი წილი მოდის, ევროპის განვითარებულ ქვეყნებში კი ეს მაჩვენებელი 70 პროცენტზე მეტია“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მეწარმეებს, დამწყებ ბიზნესებს და ხელს უწყობს ქართული სტარტაპების შემდგომ განვითარებას. მიკრო მეწარმეობის მხარდაჭერის შედეგად საქართველოს რეგიონებში გადამზადდება 9000-მდე ადამიანი და საერთო ჯამში დაფინანსებას მიიღებს 4000-ზე მეტი მიკრო და მცირე მეწარმე. ეს ყველაფერი რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის დიდი სტიმულია, წამოიწყონ საკუთარი საქმე და რიგ შემთხვევებში იყვნენ ინოვაციური პროდუქტის თუ მომსახურების განვითარების ინიციატორები. ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვებულები გამოვლინდა შემდეგ ნომინაციებში: „წლის ტურისტული ბიზნესი“, „წლის ინოვაციური ბიზნესი“, „წლის აგრობიზნესი“, „წლის ქართული პროდუქტი“, „წლის მცირე ბიზნესი“ და „ხალხის რჩეული“, რომელიც ონლაინ ხმის მიცემით გამოვლინდა. ერთერთი ნომინაციაში გამარჯვებულს პრიზი ასევე გადასცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა. წლევანდელ ბიზნესდაჯილდოებაში 523 კომპანია მონაწილეობდა. როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, მსგავსი ბიზნესდაჯილდოება მომავალ წელსაც გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0