ბიზნეს ფესტივალი “ანაკლიობა 2017” გაიხსნა

12/07/2017

ანაკლიაში 5 დღიანი, პირველი ბიზნეს ფესტივალი ანაკლიობა გაიხსნა.
“დღეს ჩვენ ვხსნით პირველ ბიზნესფესტივალს საქრთველოში, გილოცავთ ყველას. ეს ბიზნესფესტივალი ახალი შესაძლებლობაა ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ბიზნესმენებისთვის, ჩვენ ამ შესაძლებლობებს სამომავლოდ უფრო გავაღრმავებთ. ამ მხარეს აქვს ძალიან დიდი მომავალი, ჩვენ 2 დღეში, აქედან ძალიან ახლოს, სოფელ განმუხურში ვიწყებთ მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივ მუსიკალურ ფესტივალს ჯემ-ფესტს, სადაც წელს ათი ათასობით სტუმარს ველოდებით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ანაკლიას აქვს განვითარების ორი მიმართულება: ესაა საფესტივალო კურორტი და ინდუსტრიული ზონა. სადაც ძალიან მალე საუკუნის პროექტი განხორციელდება. შემოდგომაზე აქ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაიწყება, რომელიც ახალი შესაძლებლობაა რეგიონის და ქვეყნის განვითარებისთვის, აქ ათასობით ადამიანი დასაქმდება, როგორც მშენებლობის ასევე ოპერირების პერიოდში. მიხარია, რომ დღეს ჩვენთან ხართ და ერთად ვუყრით საფუძველს საქართველოში პირველ ბიზნესფესტივალს. მადლობა მობრძანებისთვის!“-სტუმრებს სიტყვით მიმართა გამგებელმა ლაშა გოგიამ.
ფესტივალის მიზანია ტურიზმის სექტორის გაძლიერებითა და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებით ხელი შეუწყოს გამყოფი ხაზის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების შექმნას და მათი შემოსავლების ზრდას. ფესტივალზე წარმოდგენილია 50-მდე კვებისა და სასმელი პროდუქტების კომპანიები, სუვენირებისა და ხელნაკეთი ნივთების მწარმოებლები, ხელოვნებისა და ფოტო სტუდიები, ტურ-ოპერატორები და სატრანსპორტო კომპანიები, რომელთაც სურთ საკუთარი პროდუქტისა და მომსახურების შეთავაზება იმ ადგილობრივი და უცხოელი სტუმრებისთვის, რომლებიც საერთაშორისო დონეზე აღიარებული, საქართველოს ელექტრონული მუსიკის ფესტივალის, „ჯემ ფესტის“ დროს ეწვევიან რეგიონს. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და USAID-ის პროექტი Zrda ერთობლივად მუშაობს ტურიზმის განვითარების, ტურისტული პროდუქტების, ახალი ტურისტული მარშრუტებისა და ღირშესანიშნავი ადგილების პოპულარიზაციის მიზნით. ამ თანამშრომლობის მიზანია ტურიზმის სფეროში მომუშავე სუბიექტების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოვება. ფესტივალის გახსნას დიპლომატიური მისიების, ადგილობრივი თვითმმართველოისა და პარლამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფესტივალში ბიზნესმენებთან ერთად მონაწილეობა ადგილობრივმა მოსახლეობამაც მიიღო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0