ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბორჯომის მუნიციპალიტეტში აქტიურად განაგრძობენ მოსახლეობასთან შეხვედრებს. სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, პარლამენტის დეპუტატი სიმონ ნოზაძე, სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილე შოთა როსტიაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ოთარ არბოლიშვილი და საკრებულოს დეპუტატები სოფლების დვირის, საკირის, ტაძრისისა და დგვარის მოსახლეობას შეხვდნენ, მათ საჭიროებებს გაეცნენ და ერთად იმსჯელეს არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე.
შეხვედრებზე ადგილობრივებმა ძირითად საჭიროებად გაზიფიცირება, საშეშე მერქნის დროული მოპოვება და სასმელი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია დაასახელეს. ხელმძღვანელი პირები იმ პროექტებსაც გაეცნენ, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ აღნიშნულ სოფლებში განხორციელდა.
სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა. სოფელ ტაძრისში განხორციელდა საბავშვო ბაღის შენობისა და ეზოს რეაბილიტაცია. სოფელ დვირში აშენდა უახლესი სტანდარტების ბაღი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკოლების სპორტულ მოედნებს და სველ წერტილებს. მოეწყო გარე-განათება. სამთავრობო პროგრამის ფარგლებში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოსახლეობასთან მსგავს შეხვედრებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გამართავენ.