ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია

21/08/2017

ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია. დარჩენილია მხოლოდ მცირე კერები, რომლის მთლიანად ჩაქრობაც უახლოეს საათებში მოხდება.
ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა მძიმე ტექნიკა. ტერიტორიაზე მობილიზებულია სამცხე-ჯავახეთის რეგიონის თითქმის ყველა სახანძრო ჯგუფი. ხანძრის ლოკალიზებაზე მუშაობს 200-მდე მეხანძრე, ადგილობრივი მოსახლეობა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები.
დილის 06:00 საათიდან მუშაობა განაახლა ვერტმფრენმაც.
გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, დაბის მხრიდან ხანძრის კერა ლოკალიზებულია და ახლა მეხანძრეები ძირითადად სოფელ ყვიბისთან მუშაობენ.
“გუშინ მთელი ღამე სოფელ ყვიბისის მხრიდან ორი მძიმე ტექნიკა მუშაობდა, რომლებიც ხანძრის კერასთან მისასვლელ გზებს ჭრიდნენ. ახლა უკვე სახანძრო მანქანები აწარმოებენ ხანძრის ჩაქრობას” – განაცხადა გამგებელმა.
გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგად დამწვარია ძველი ნახანძრალი ხე-ტყე და ბუჩქნარი. ამ ეტაპზე ცეცხლი ტყის მასივზე არ გავრცელებულა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0