ბორჯომში ტურიზმის განვითარების I რეგიონული სიმპოზიუმი გაიმართა

12/04/2017

ბორჯომმა სამცხე-ჯავახეთის ტურიზმის განვითარების I რეგიონულ სიმპოზიუმს უმასპინძლა.
ღონისძიების მიზანი რეგიონში ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემებისა და პრიორიტეტების დადგენა წარმოადგენდა.
პროექტის ორგანიზატორების თქმით, რეგიონში არსებული გამოწვევების გამოკვეთა ხელს შეუწყობს მხარის პოპულარიზაციასა და მის უკეთ წარმოჩენას.
მათივე განმარტებით, USAID-ის Zrda პროექტმა, საქართველოს ტურიზმის განვითარების ეროვნულ ადმინისტრაციასთან და საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებთან ერთად, დააარსა სამცხე-ჯავახეთში ტურიზმის განვითარების სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანიც არის სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტურიზმის განვითარების მოდელის შექმნის ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაცია. მოდელი ყურადღებას ამახვილებს აგრო, ეკო, სათავგადასავლო და კულტურულ ტურიზმზე და პროცესში მონაწილე მხარეებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის განვითარებაზე. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გადმოტანა-დანერგვის მიზნით, პროექტმა იმუშავა რუმინეთის არაკომერციულ ორგანიზაციასთან, სიბიუს ოლქის ტურიზმის ასოციაცია (SCTA), რათა გამოიყენოს რუმინეთის ის გამოცდილება, რომელიც ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში ამ ქვეყანამ მიიღო ტურიზმის განვითარების სფეროში.
სესიის უშუალო მონაწილე იყო სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, რომელმაც რეგიონში წელს დაგეგმილ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. მისივე განმარტებით, პროექტები ხელს შეუწყობს ტურისტულად მიმზიდველი ადგილების კიდევ უფრო კეთილმოწყობასა და შესაბამისი პირობების შექმნას.
სიმპოზიუმს დაესწრნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი, ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიმ და საკითხით დაინტერესებული მხარეები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0