ბორჯომში ფეხით სავალი ნაწილის მოწყობის მასშტაბური რეაბილიტაცია დაიწყო.
ქალაქის ცენტრში მიმდინარე სამუშაოები ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ოჩხიკიძემ დაათვალიერა.
მისი განმარტებით, პროექტით გათვალისწინებულია რუსთაველის ქუჩაზე №117– 147 ჩათვლით საფეხმავლო ბილიკის კეთილმოწყობა.
ამ ეტაპზე დასრულებულია დაზიანებული ბაზალტის ბორდიურებისა და ფილების დემონტაჟი. ძველი ბორდიურები შეიცვლება ახლით, ხოლო ტროტუარი გრანიტის ფილებით მოპირკეთდება. აღნიშნულ მონაკვეთზე დაგეგმილია არსებული მოაჯირების მონტაჟიც.
გარდა აღნიშნული ობიექტისა პროექტის ფარგლებში წესრიგდება რუსთაველის ქუჩაზე მარადიული ცეცხლის სკვერიდან №115–ში მდებარე კორპუსის მიმდებარე ფეხით სავალი ნაწილი. ხორციელდება ასევე კოსტავას ქუჩის ფეხით სავალი ნაწილის და შრომის ქუჩაზე ასასვლელი კიბეების რეაბილიტაცია.
გათვალისწინებულია რუსთაველის ქუჩიდან გოგიას ციხის ქ. N11-თან ასასვლელი კიბის, გადასასვლელი ხიდის და ფეხით სავალი ნაწილის მოწყობა, ხოლო ლიკანში მესხეთის ქ. №29–ის მიმდებარედ არსებული სკვერში მოხდება ფეხით სავალი ნაწილის და მოაჯირის რეაბილიტაცია.
პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან 371 971 ლარით ფინანსდება.
ბორჯომი საქართველოში ერთ-ერთ გამორჩეული საკურორტო ქალაქია, ამიტომ მუნიციპალიტეტისათვის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.