გამგებელმა ამომრჩეველს ანგარიში ჩააბარა

07/04/2017

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ ამომრჩევლებს 2016 წელს გაწეული საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში ჩააბარა. საანგარიშო მოსმენა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ყურადღება მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ეკონომიკისა და მუნიციპალური სერვისების განვითარების მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე გაამახვილა და სკოლამდელი განათლების, კულტურული ღონისძიებებისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიმართულებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების მიზნობრიობაზე ისაუბრა. 1 წლის შემაჯამებელ ანგარიშში მერაბ ჭანუყვაძემ გასული წლების ანალიზი გააკეთა და იმ სამომავლო გეგმებსა და ახალ პროექტებზე ისაუბრა, რომელსაც მუნიციპალიტეტი მისი უფლებამოსილების ვადაში განახორციელებს. გამგებლის განმარტებით სამომავლოდ განსახორცილებელ პროექტებში პრიორიტეტი მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების სისტემების მოწყობას და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას მიენიჭება. გამგებლის ანგარიშს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე – დავით დარჩია, ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, ამომრჩევლები, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად მუნიციპალიტეტის გამგებელი წელიწადში ერთხელ მაინც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით ამომრჩეველს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს აბარებს . მერაბ ჭანუყვაძემ თავისი უფლებამოსილების ვადაში, რიგით მე-4 საანგარიშო პრეზენტაცია გამართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0