ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად ქობულეთის გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. „წყალარინების პროექტი“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ჰოლანდიის მთავრობისა და აჭარის მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების განხორციელებისთვის 5 867 299 ლარია გათვალისწინებული. ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში აშენდება გამწმენდი ავზი და საოპერატორო შენობა, მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, გამწვანდება და კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია. პროექტის განხორციელების შედეგად ქობულეთში ჩამდინარე წყლები პერმანენტულად გაიწმინდება რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ზღვისპირა კურორტ ქობულეთის სანაპირო ზოლის წყლის ხარისხს და ხელს შეუწყობს საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას.