გამოწვევების სირთულემ აჩვენა ერთიანობისა და სოლიდარობის საჭიროება

19/05/2017

ირაკლი კობახიძემ „კაზიმირ პულასკის“ ფონდის მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდის მონაწილეებს მიმართა
“ახლა, ისე, როგორც არასდროს, გამოწვევების სირთულემ აჩვენა ერთიანობისა და სოლიდარობის საჭიროება. ჩვენ გვწამს, რომ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, ნატო საუკეთესო პლატფორმაა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, ვარშავაში, „კაზიმირ პულასკის ფონდის“ მიერ ორგანიზებული მრგვალ მაგიდაზე – „საქართველო ვარშავის ნატოს სამიტის შემდეგ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რეგიონისა და საქართველოში წინაშე, უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერების საქმეში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის როლზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოსვლისას შეეხო საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პარლამენტის როლსაც.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ევრო-ატლანტიკური საზოგადოება მრავალფეროვანი და რთული გამოწვევების წინაშე დგას. მთავარ გამოწვევად ირაკლი კობახიძე რუსეთის რევანშისტული პოლიტიკა დაასახელა. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ჰიბრიდულ საფრთხეებზეც. „ე.წ. ჰიბრიდულმა საფრთხეებმა რთულად განსასხვავებელი გახადა ზღვარი სახელმწიფო და არა-სახელმწიფო აქტორებს შორის. ჰიბრიდულ ტაქტიკას ისევე შეუძლია ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრა, როგორც ჩვეულებრივ ომს. რუსეთმა ბრძოლის ორივე მეთოდი – ჩვეულებრივიც და არატრადიციულიც, გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ყოველდღიური აგრესია გრძელდება.როგორც მან აღნიშნა, რომ რუსეთი აგრძელებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ანექსიას რუსეთის პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ, სოციალურ სისტემებში ინტეგრაციის გზით. „ ქართული მიწა მავთულხლართებითაა მონიშნული; საოკუპაციო ხაზთან ადამიანთა გატაცება და პროვოკაციები, ჩვეულებრივი მოვლენაა. ეთნიკურად ქართული მოსახლეობის დისკრიმინაცია და შეურაცხყოფა ასევე, სამწუხარო ნორმაა. გალის რაიონში ქართული ენის აკრძალვით, ბავშვები არა მხოლოდ მშობლიური ენაზე მიღებული განათლების, არამედ, სათანადო განათლების გარეშე დარჩნენ, რადგან პედაგოგები არ იყვნენ მზად ამ ცვლილებისთვის. სიტუაცია კიდევ უფრო საგანგაშოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომა არ აქვთ საერთაშორისო დამკვირვებლებს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) არის ერთადერთი ადგილზე მყოფი საერთაშორისო მისია, მაგრამ მას აკრძალული აქვს შესვლა ოკუპირებულ ტერუტორიებზე. მაშასადამე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მანდატის სრულად შესრულება არ ძალუძს.
მიუხედავად რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების პროვოკაციული ნაბიჯებისა, საქართველო მტკიცედ აგრძელებს კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრის პოლიტიკას, ექსკლუზიურად პოლიტიკურ და დიპლომატიურ გზებზე დაყრდნობით. ჩვენ ცალმხრივად დავდეთ პირობა ძალის არგამოყენების შესახებ და ვაგრძელებთ პრაგმატულ მიდგომას რუსეთთან, რაც მიზნად ისახავს დაძაბულობის დეესკალაციას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, საქართველო აგრძელებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში კონსტრუქციულ მონაწილეობას და ყველაფერს აკეთებს, აღნიშნულ ფორმატში, შედეგზე ორიენტირებული დისკუსიისთვის. ირაკლი კობახიძის განცხადებით, გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა მოწოდებულია დიალოგის, ნდობის აღდგენისა და ხალხთაშორისი კონტაქტების საშუალებით შერიგებისა და დაახლოების პოლიტიკისკენ.
„საერთაშორისო საზოგადოებამ თვალი არ უნდა დახუჭოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე და უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებაზე.საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე პოზიცია მკაფიო გზავნილია რუსეთისთვის, რომ საქართველოს ტერიტორული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა და ევროპაშისაზღვრების გადაწევა შეჭრისა და ოკუპაციის გზით – მიუღებელია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსულმა სამხედრო აგრესიამ ევრო-ატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების მხრივ სიტუაცია დრამატულად გააუარესა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა სირიაში მიმდინარე კონფლიქტსა და „ისლამური სახელმწიფოს“ შესახებ. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ისლამური სახელმწიფო და მასთან ასოცირებული ტერორისტული ჯგუფები საფრთხეს უქმნიან არა მხოლოდ შუა აღმოსავლეთის მოწყვლად ქვეყნებს,არამედ ევროპასაც.
„არსებულმა უსაფრთხოების გარემომ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ცალკე აღებული არცერთი სახელმწიფო არ არის დაცული ასეთი მრავალფეროვანი საფრთხეებისგან. ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ. ახლა, ისე, როგორც არასდროს, გამოწვევების სირთულემ აჩვენა ერთიანობისა და სოლიდარობის საჭიროება. ჩვენ გვწამს, რომ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, ნატო საუკეთესო პლატფორმაა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ ევროკავშირისა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის როლზე ისაუბრა.
„ცივი ომის დასრულების შემდეგ ნატოს და ევროკავშირის გაფართოებამ ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის ოცნება რეალობად აქცია. ეს არის ორი მთავარი ევროპული და ევროატლანტიკური ინსტიტუტი, რომლებმაც ევროპის უმეტესი ნაწილი უსაფრთხოების, პოლიტიკური და ეკონომიკურ ჩარჩოში გააერთიანა, რომელიც საერთო ღირებულებებზე არის დაფუძნებული. უპირველეს ყოვლისა, ეს საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ჩარჩო არის ის, რის გამოც, ჩვენ ვახორციელებთ ნატოსა და ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის პოლიტიკას. ნატოსა და ევროკავშირში ჩვენს სწრაფვას ვხედავთ როგორც ბუნებრივ ოჯახში დაბრუნებას, რომელსაც საქართველო ეკუთვნის – ევროპულ ცივილიზაციაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ პოლონეთმა ეს რთული ტრანზიცია წარმატებულად განახორციელა. „ახლა თქვენ არა მხოლოდ გესმით ჩვენი თავისუფალი ევროპისკენ სწრაფვის სურვილის, არამედ შეგიძლიათ და გვეხმარებით კიდეც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“,- მიმართა დამსწრეებს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.
„ევროკავშირთან და ნატოსთან საქართველოს ურთიერთობა არის კარგი მაგალითი იმისა, როგორ შეუძლია ასპირანტ ქვეყანას, ყველა გამოწვევის მიუხედავად, განავითაროს ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა და შეასრულოს ამ ინსტიტუციებში ინტეგრაციის დღის წესრიგი. გარდა ამისა, საქართველო არის უსაფრთხოების მიმწოდებელი ქვეყანა ნატოსა და ევროკავშირის სამშვიდობო და კრიზისის მენეჯმენტის მისიებში მონაწილეობის საშუალებით. ჩვენ ვაგრძელებთ ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში წვლილის შეტანის სურვილისა და შესაძლებლობის დემონსტრირებას. ნატოს სამხედრო მისიებში მონაწილეობით, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ საქართველო მზადაა, საერთო უსაფრთხოების ტვირთი გაიზიაროს. საქართველოს ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავება არის რეგიონული განვითარების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი.
ნატოს შავი ზღვის განზომილება უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. როგორც ასპირანტი ქვეყანა და სანდო პარტნიორი, საქართველო მხარს უჭერს ნატოს ძალისხმევას, გააძლიეროს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოება, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონში. ჩვენ მზად ვართ, ამ მიმართულებით, აქტიურად ვითანამშრომლოთ ალიანსთან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზეც და აღნიშნა, რომ რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას შეუძლია, წარმატებული თანამშრომლობისთვის მრავალი შესაძლებლობა შექმნას. ერთ-ერთ ასეთ მნიშვნელოვან შესაძლებლობად ირაკლი კობახიძემ აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფანი დაასახელა, რომელიც, მისი თქმით, ევროპის ენერგომამარაგების გრძელვადიანი დივერსიფიკაციის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და ეფექტური გზაა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების დაცვის საუკეთესო გზა რეგიონის ქვეყნების ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების დაფასებაა. ამ კონტექსტში, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირისა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გაფართოების მნიშვნელობა. „ნატოში მონტენეგროს გაწევრიანება მისასალმებელია, ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატოს გაფართოება გრძელდება სხვა ასპირანტი ქვეყნების ჩათვლით. დღეს არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში „ღია კარის“ პოლიტიკის შეწყვეტა ან თუნდაც დროებით შეჩერება გამოიწვევს ევროპის კონტინენტზე გავლენის ზონებისა და გამყოფი ხაზების წარმოქმნას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიტყვით გამოსვლის ბოლოს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იმ მიზნებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც, მისი თქმით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საუკეთესო საშუალებად მიაჩნია.
„საქართველო გახდა სამაგალითო ქვეყანა რეგიონში ფუნდამენტური ინსტიტუციური რეფორმებისა და დემოკრატიული ტრანსფორმაციის კუთხით. ჩვენ დავიწყეთ რეფორმების ახალი ტალღა, რომლის მთავარი მიზანია ქვეყნის მოდერნიზება და საქართველოს თავისუფლების, დემოკრატიის და კეთილდღეობის გზაზე შეუქცევადი სვლა. ეს ღირებულებებია თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტი, ხოლო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ამ ღირებულებების დაცვისა და პატივისცემის საუკეთესო გარანტიებს შექმნის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საკონსტიტუციო რეფორმაზე და განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყნის დემოკრატიზების პროცესს შეუქცევადს გახდის.
„ჩვენ გვწამს, რომ პარლამენტი უნდა გახდეს ქართული პოლიტიკის ძლიერი ხმა, რომელიც მოახდენს გრძელვადიან პერსპექტივაში ავტორიტარიზმის პრევენციას; თავიდან აიცილებს პოლიტიკური პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის საფრთხეს; ხელს შეუწყობს პარტიების პოლიტიკის ინსტიტუციონალიზებას და პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებას; გააძლიერებს საკანონმდებლო ზედამხედველობას; მოსამართლეთა დამოუკიდებლობას, ხელს შეუწყობს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებას. რაც მთავარია, კონსტიტუციური ცვლილებები გააუმჯობესებს ადამიანის უფლებათა საკანონმდებლო ბაზას მეწარმეობის თავისუფლების, ინტერნეტის თავისუფლების და კარგ მმართველობაზე მოქალაქეთა უფლებების გაუმჯობესების გზით.
გარდა ამისა, საარჩევნო სისტემაში მოსალოდნელი ცვლილებები, არაპირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების საშუალებით,მოახდენს დემოკრატიული სტანდარტების კონსოლიდაციას. პრეზიდენტის კომპეტენციებსა და ლეგიტიმაციას შორის არსებული დისპროპორცია აღმოიფხვრება. ასევე, პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებით აღიკვეთება ავტორიტარიზმისა და ძალაუფლების უზურპაციის საფრთხეები.
ეს ცვლილებები საქართველოს დემოკრტიზების პროცესს შეუქცევადს გახდის. მაგრამ ამის მისაღწევად, ჩვენი დასავლელი სტრატეგიული პარტნიორებისგან კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა გვჭირდება“ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას.
ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საფრთხეებთან გამკლავების საუკეთესო და ეფექტური გზა ერთად მოქმედება და ერთმანეთის დახმარებაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0