განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის „თავისუფალი, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ მიმდინარეობაზე მინისტრობის კანდიდატებისგან მოხსენებები მოისმინეს.
„განათლების და მეცნიერების სფეროში რეფორმების განვითარება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის ხედვით, განათლებას, მეცნიერებას, ინოვაციურ მიდგომებს და ახალგაზრდულ პოლიტიკას სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება“,- განაცხადა განათლების და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ჩხენკელმა.
მომხსენებელმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის თაოსნობით, რეფორმები კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს და ამავდროულად, თანამედროვე გამოწვევისა და მიზნების შესაბამის ხასიათს შეიძენს.
„ჩვენი ამოცანაა განათლებისა და მეცნიერების სისტემა გახდეს ქვეყნის დემოკრატიული, ეკონომიკური და სოციალური განვითარების მყარი საფუძველი. ამოსავალი პრინციპია ხარისხის ამაღლება. სისტემაში უმთავრესია ბავშვი, მოზარდი, ახალგაზრდა და განათლების მიღების ზრდასრული მსურველი“, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.
მინისტრობის კანდიდატმა განათლების სისტემაში უკვე განხორციელებულ პროგრამებზე ისაუბრა და უწყების პრიორიტეტულ მიმართულებებზე დეტალური ინფორმაცია წარმოადგინა. მისი ინფორმაციით, პროფესიული განათლების განვითარების, სპეციალური ტრენინგების გამართვის, სასკოლო სპორტული აქტივობების ხელშეწყობასთან ერთად, სამინისტროს ამოცანაა სოფლის სკოლების კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებად ჩამოყალიბება, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას სხვადასხვა საგანმანათლებლო სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა მიეცემა.