განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით თემატური მოკვლევის ანგარიში მოისმინეს

26/02/2024

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ თემატური მოკვლევის – „მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციის და გამოჯანმრთელების პოლიტიკა: გამოწვევები და გაუმჯობესების შესაძლებლობები“ ანგარიში წარადგინა. გივი მიქანაძის განცხადებით, 2022 წლის 1 იანვრიდან, საქართველოში ახალი საკანონმდებლო რეგულაციები ამოქმედდა. კერძოდ, აზარტულ თამაშებში მონაწილეობისთვის პირთა ასაკობრივი ცენზი 25 წლამდე გაიზარდა. მისივე განმარტებით, აღნიშნულმა რეფორმამ დადებითი გავლენა მოახდინა არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ. თემატური მოკვლევის მთავარმა მომხსენებელმა გივი მიქანაძემ მოკვლევის ფარგლებში შემუშავებულ რეკომენდაციებზე ისაუბრა. მისი თქმით, მიზანშეწონილია, რომ მთავრობამ შექმნას აზარტული თამაშების, თამაშდამოკიდებულების პრევენციისა და პოლიტიკის მიმართულებების მაკოორდინირებელი/მარეგულირებელი მექანიზმი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ერთიანი პოლიტიკის დაგეგმვაზე. ასევე აუცილებელია, აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული რისკების შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება. მისივე თქმით, უნდა გაიზარდოს სარეაბილიტაციო სერვისებზე ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით რეგიონებში.

„მოკვლევის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა სახელმწიფო უწყებებთან, აზარტული თამაშების ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც ლუდომანიის პრევენციისა და სარეაბილიტაციო აქტივობებთან არიან დაკავშირებულები. ჩვენ ამ საკითხზე მთავრობასთან ვართ მუდმივ კომუნიკაციაში და ვფიქრობთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია შემდგომ პროგრესს მივაღწიოთ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

თემატური მოკვლევის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები შესასრულებლად შესაბამის ორგანოებს გაეგზავნებათ. მოკვლევა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით განხორციელდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0