განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

11/05/2016

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული რევაზ ნადირაძე დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2015 წლის 15 აგვისტოს, დაახლოებით 02:15 საათზე, ქ. ქობულეთში, კაფე-ბარ “ტროპიკანკას“ მიმდებარე ზღვის სანაპიროზე რევაზ ნადირაძეს შელაპარაკება მოუვიდა გიორგი ნინიკურთან, რასაც მათ შორის ჩხუბი მოჰყვა. ჩხუბის დროს რევაზ ნადირაძემ შურისძიების მოტივით, განზრახ მკვლელობის მიზნით გიორგი ნინიკურს ზურგისა და გულმკერდის არეში 8-ჯერ დაარტყა დანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების შედეგად გიორგი ნინიკური გარდაიცვალა. სამართალდამცველების მიერ რევაზ ნადირაძე დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.
მოსამართლემ რევაზ ნადირაძეს ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0