გასული წელი საკმაოდ რთული იყო

05/04/2023

საკანონმდებლო ორგანომ აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეაში (Evronest PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინა. ანგარიში მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა წარადგინა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი ხელმძღვანელობდა აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მუშაობას.

„გასული წელი საკმაოდ რთული იყო, გამომდინარე უკრაინაში რუსეთის აგრესიიდან და, შესაბამისად, ეს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაზეც აისახა. შესაძლებლობა გვქონდა, შარშან, 21-22 თებერვალს, ერევანში ჩაგვეტარებინა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების სხდომა. ერთ-ერთ კომიტეტზე წარმოდგენილი ანგარიშის მომხსენებელი იყო საქართველოს დელეგაციის წევრი მაია ბითაძე. ასევე ჩატარდა ბიუროს სხდომა, რომელზეც მთავარი საკითხი იყო უკრაინაში არსებული მდგომარეობა, უსაფრთხოების გამოწვევები ჩვენს რეგიონში და, შესაბამისად, ბიუროზე ქართული დელეგაციის ინიციატივით მიღებულ იქნა განცხადება უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ და უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის დაგმობის თაობაზე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, სწორედ ზემოაღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სესია გასულ წელს არ შედგა და სესია გაიმართა მიმდინარე წლის თებერვალში, რომლის შესახებაც ანგარიშს დელეგაციის ხელმძღვანელი პარლამენტს უკვე მომავალ წელს წარუდგენს. პარლამენტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში ცნობად მიიღო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0