„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის განვითარებაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სწორი მოწყობა და სწორი სივრცითი განვითარება“ – ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც პრემიერ მინისტრს და მის გუნდს გაგვაჩნია, არის ქვეყნის სივრცითი მოწყობა. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრი ნაბიჯები გადავდგით, საკმაოდ დიდ ინვესტიციებს ვდებთ. დღეს უკვე შეთანხმებულია ურეკი-შეკვეთილის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, ასევე მიმდინარე პროექტებია მესტიის მუნიციპალიტეტის და მულახის თემის მიწათსარგებლობის გეგმა. ეს არის 11 სოფელი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ახმეტის მუნიციპალიტეტი და თუშეთი, ეს არის ბაკურიანი და დიდი მიტარბი, ეს არის ბახმარო და კობი-გუდაური. ახლა დაგეგმილ პროექტებში კი გვაქვს იყალთოს ხევი, შაორი, უწერა და ატენის ხეობა“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ნებისმიერ მიწის ნაკვეთს, მათ შორის კურორტსაც, აქვს თავისი რესურსი, ეს არის ჩვეულებრივი აქტივი და მისი სწორად გამოყენებისთვის კეთდება გენერალური განაშენიანებისა და სივრცითი მოწყობის გეგმები.
„რატომ არის მნიშვნელოვანი გენერალური განაშენიანების პროექტი? როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ კურორტი გვინდა განვავითაროთ და არ ვიცით, ზუსტად რა გვინდა ამ კურორტისგან, კურორტი ვითარდება ქაოტურად. შესაბამისად, მაქსიმალურ ეფექტს მისი რესურსის გამოყენებისგან ჩვენ ვერ ვიღებთ. ხოლო როცა არსებობს გენერალური და სივრცითი მოწყობის გეგმები, ინვესტორმა უკვე იცის, საბოლოოდ რამდენი საწოლი იქნება, რამდენი სასტუმრო უნდა აშენდეს, რამდენი იქნება კომერციული და საცხოვრებელი ფართი, როგორი იქნება გზები, როგორი იქნება წყალმომარაგება. სწორედ ამ ყველაფრისთვის ვიხარჯებით აქტიურად“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა მთის კურორტების განვითარების პრიორიტეტებზეც ისაუბრა. „ეს არის ასევე ერთ-ერთი მნიშნელოვანი საკითხი, სადაც ჩვენ ძალიან აქტიურები ვართ. წელს ალბათ არის ისტორიული წელიწადი, როდესაც 9 საბაგიროს მშენებლობა მიმდინარეობს ერთდროულად. აქამდე ასეთი რამ არასდროს მომხდარა. ვაშენებთ სვანეთში, ვაშენებთ ბაკურიანში და მიტარბში, ვაშენებთ გუდაურში. ყველა მიმართულებით ძალიან აქტიურები ვართ. წელს ჩვენ ბაკურიანში გავხსენით საზაფხულო ციგა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და ვფიქრობთ, რომ მსგავსი საზაფხულო აქტივობებით დავტვირთავთ ყველა მთის კურორტს. მთის კურორტები უნდა გახდეს 12 თვიანი, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის რესურსი, რომელიც კონკრეტულ კურორტს გააჩნია“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
გენერალური განაშენიანების გეგმის გარეშე კურორტები ქაოტურად განვითარდება
21/09/2016