გიგლა აგულაშვილი კახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა

07/03/2017

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი კახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სამინისტროს მიერ რეგიონში განხორცილებული პროექტები, გარემოსდაცვითი გამოწვევები და დაგეგმილი აქტივობები განიხილეს.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება ალაზნის ჭალის ტყეებში არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა, რაც მერქნის უკანონო მოპოვებით, საქონლის არარეგულირებული ძოვებით, ტბორების მოწყობითა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების გამოყენებით არის გამოწვეული. ჭალის ტყის ფართობები საგრძნობლად შემცირდა, დარჩენილი ტყეები საკმაოდ დეგრადირებულია და მათი გარემოსდაცვითი ფუნქციები, მედეგობა კატასტროფული მოვლენებისადმი შესუსტებულია.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორულ გაზომვებზე, ტყის მერქნული რესურსებით სარგებლობაზე, შირაქის ველზე ქარსაფარ ზოლებსა და სამონადირეო მეურნეობებზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: მხარის რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, სამინისტროს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0