საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში მაია მელიქიძე მოძრაობის „ინიციატივა“ წევრებს შეხვდნენ და საჯარო ლექცია წაიკითხეს.
მოძრაობა „ინიციატივა“ „შენი ხმა ჩვენი მომავალია“ კამპანიის დასრულების შემდეგ მისმა მონაწილე ახალგაზრდებმა დააფუძნეს და დღესდღეობით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით სხვადასხვა მიკროპროექტებით ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გააქტიურების ხელშეწყობას ახორციელებენ.
გიორგი აბაშიშვილთან შეხვედრისას მოძრაობის წევრებმა ბაკურიანში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს უკვე განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, ინიციატივების შემდგომ განხორციელებაზე, სამომავლო გეგმებზე და აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე ისაუბრეს.
როგორც გიორგი აბაშიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ახალგაზრდებთან უფრო მეტი ახალი პროექტის განხორციელების საკითხები განიხილეს, რომლებიც ახალგაზრდების ჩართულობის გასაზრდელად იქნება მიმართული, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
მაია მელიქიძემ მოძრაობის წევრებს ლაზირაციის პროგრამის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის, სახელმწიფო პროგრამების მხრიდან კერძო სექტორის სტიმულირების საკითხებზე ესაუბრა და ახალგაზრდების კითხვებს უპასუხა, რომლებიც „გაზპრომის“, ფულადსაკრედიტო და მონეტარული პოლიტიკის საკითხებით დაინტერესდნენ.
მოძრაობის წევრებთან შეხვედრას აკა სინჯიკაშვილმაც გამართა, რომელიც ახალგაზრდებს საკუთარი, საქველმოქმედო ინიციატივების შესახებ ესაუბრა.