გიორგი გახარია აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა

13/06/2017

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან გაიმართა. ილჰამ ალიევმა და გიორგი გახარიამ ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო–ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სატრანზიტო პოტენციალის განვითარების საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა და ეს ტენდენცია უნდა გაგრძელდეს.
„ჩვენს სავაჭრო ბალანსში დიდი ადგილი უჭირავს ენერგომატარებლებს და ტრანსპორტს, თუმცა, უნდა გავააქტიუროთ სხვა მიმართულებებიც, მათ შორის ორმხრივი სავაჭრო პოტენციალი. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ჩვენი სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ასევე ვისაუბრეთ თანამშრომლობაზე ტურიზმის სფეროში. მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის პოტენციალის ერთობლივად გამოყენება იმისთვის, რომ ტურისტების რაოდენობა გაიზარდოს და მათი მოზიდვა გამარტივდეს“ – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი გახარიამ.
მინისტრის თქმით, ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო აბრეშუმის გზის ფორუმს და იმ სატრანზიტო დერეფნებს, რომელთა განვითარებასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორივე ქვეყნისთვის. გიორგი გახარიას განცხადებით, საუბარია როგორც აღმოსავლეთ–დასავლეთის, ასევე სამხრეთ–ჩრდილოეთის სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაზე.
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია გიორგი გახარიას შეხვედრები ქვეყნის პრემიერ–მინისტრთან, ასევე ეკონომიკისა და ტრანსპორტის მინისტრებთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0