ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად ხაშურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. გამგებელი გაეცნო დაბა სურამში მდინარე სურამულაზე ნაპირსამაგრი კედლების მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას, სურამში, გვერდისუბნის დასახლებაში მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოებს და მოინახულა ხაშურში, ბორჯომის ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ დამონტაჟებული საბავშვო ატრაქციონები.
სურამში ნაპირსამაგრი კედლების მოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტი, რომლის ღირებულებაც 223399 ლარია, შესაძლო სტიქიის პრევენციისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს.
გვერდისუბნის დასახლებაში მინი სტადიონის მოწყობა ბიუჯეტიდან 60 039 ლარით ფინანსდება. პროექტი, რომლის განხორციელებაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებსა და უფროსი ასაკის მოქალაქეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება.
მუნიციპალიტეტში უკვე სრულდება საბავშვო ატრაქციონების მონტაჟიც. გარდა ბორჯომის ქუჩისა, ატრაქციონები დამონტაჟებულია ფარნავაზის ქუჩაზე, სურამში, სოფელ ცხრამუხასა და სოფელ ქვემო ქინძათში. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 23 170 ლარს შეადგენს.