გიორგი ვოლსკი სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი საქართველოში ვიზიტად მყოფ სერბეთის რესპუბლიკის პირველ ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ ივიცა დაჩიჩს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და სერბეთს შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გააქტიურების საკითხები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის აპრილში, ბელგრადში, საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ყურადღება ასევე გამახვილდა მაღალი რანგის ორმხრივი ვიზიტებისა და ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, ასევე, საქართველოსა და სერბეთის ევროინტეგრაციის პროცესს.

„ვისაუბრეთ რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, ევროკავშირთან დაახლოების სტრატეგიაზე, რომელიც, მნიშვნელოვანწილად, მსგავსია. მყარად შევთანხმდით ურთიერთმხარდაჭერასთან დაკავშირებით, ვისაუბრეთ ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე, სადაც ჩვენი ურთიერთგაგება არის სრულფასოვანი. გარდა ამისა, დღის წესრიგშია დიპლომატიური, პოლიტიკური, ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და საინტერესოა, რომ ბოლო პერიოდში, ძალიან ინტენსიური გახდა ურთიერთობები სერბეთსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა ესწრებოდნენ.

Visited 95 times, 1 visit(s) today