ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის, არჩილ გეგეშიძის აზრით, აშშ-ში პრემიერ- მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებასა და გაფართოებას ძლიერ ბიძგს მისცემს.
მისივე თქმით, ამ ვიზიტის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვლილი პერიოდი შეჯამდება და ახალი პერსპექტივები დაისახება.
როგორც არჩილ გეგეშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ჩვენს რეგიონში სამაგალითოა.
”შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჩვენს რეგიონში ეს არის სამაგალითო ურთიერთობები. ის ძალისხმევა, რასაც ორივე ქვეყანა მიმართავს ამ თანამშრომლობის განვითარებისთვის, მიღწეული შედეგებიდან თვალნათლივ ჩანს. კიდევ უფრო მეტი მონდომება და მოტივაცია არსებობს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს ეს ურთიერთობები”, – განაცხადა არჩილ გეგეშიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 25-29 აპრილს სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრები სენატისა და წარმომადგენლობითი პალატის წევრებთან.
ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება წამყვან ამერიკულ ბიზნესწრეებს და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს. პრემიერ-მინისტრი გამართავს შეხვედრებს მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ ჯიმ იონგ კიმთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, მინ ჟუსთან.
დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის სიტყვით გამოსვლა აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში და ილინოისის უნივერსიტეტში. პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდება ბოსტონში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს.