გიორგი კვირიკაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

22/04/2017

საქართველო-ირანის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ესჰაყ ჯაჰანგირის შეხვედრის ძირითადი თემები. ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანი იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. ესჰაყ ჯაჰანგირმა ასევე ისაუბრა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და აღნიშნა, რომ ამ მხრივ კიდევ უფრო დიდი პოტენციალი არსებობს.
ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არსებულ პოზიტიურ დინამიკას. პრემიერ-მინისტრმა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მთავრობა ირანელ ინვესტორებს მიესალმება.
მხარეებმა ისაუბრეს ტრანსპორტისა და ენერგეტიკის, ასევე, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და სამრეწველო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე; ასევე – განათლების, ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0