საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს დენის ო დონოვანს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებსა და ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებაზე ისაუბრეს.
პრემიერმა ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს და საპარლამენტო დელეგაციას მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა გააცნო, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია განათლების სისტემის რეფორმა. გამოითქვა ამ პროცესში ირლანდიის გამოცდილების გაზიარების ინტერესი.
საუბრისას, ყურადღება დაეთმო ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოს, მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ტურიზმის განვითარების პოზიტიურ დინამიკას, ასევე – საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებს.
პრემიერ-მინისტრმა სტუმრებს გააცნო ქვეყანაში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა, ისაუბრა საგადასახადო და საპენსიო რეფორმების შესახებ.
ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციის შეფასებით, საქართველო სწორი მიმართულებით მიდის.
მხარეებმა საქართველოში ირლანდიის რესპუბლიკის საელჩოს გახსნისა და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისების განხორციელების პერსპექტივაც განიხილეს.
პრემიერმა ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.