გიორგი კვირიკაშვილმა და დენ მულენმა აშშ-საქართველოს შორის სავაჭრო და საინვესტიციო სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს

17/07/2017

აშშ-საქართველოს შორის სავაჭრო და საინვესტიციო სფეროში ურთიერთობების გაღრმავება და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილე დენ მულენის შეხვედრის მთავარი თემები.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და საინვესტიციო საკითხებზე მაღალი დონის დიალოგის ფორმატის არსებობას, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებით გათვალისწინებული სტრატეგიული მიზნების მისაღწევად.
შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო სავაჭრო პოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ რეფორმებს, ასევე – ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს.
პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს, როგორც რეგიონულ სავაჭრო, სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად გარდაქმნის პოტენციალზე და ხაზი გაუსვა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ უკვე არსებულ შეთანხმებებს ევროკავშირისა და დსთ-ს ქვეყნებთან, ასევე თურქეთსა და ჩინეთთან.
მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმაზე და დეტალურად ისაუბრა ეკონომიკურ მიმართულებაზე, კერძოდ – საგადასახადო სისტემის, საპენსიო, კაპიტალის ბაზრის, საჯარო-კერძო პარტნიორობის განვითარების რეფორმებზე, ასევე – დამწყები და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამებზე. საუბარი შეეხო ოთხპუნქტიანი გეგმით გათვალისწინებულ სხვა მიმართულებებსაც, რაც განათლების სისტემის, მმართველობის რეფორმასა და ქვეყნის სივრცით მოწყობას მოიცავს.
აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილემ რეფორმების პროცესში საქართველოს მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0