გიორგი მარგველაშვილი ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

30/03/2017

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლიტვის რესპუბლიკის პრემიერმინისტრს საულიუს სკვერნელისის შეხვდა. მხარეებმა საქართველო-ლიტვას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება – განვითარება და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხი განიხილეს.
“ლიტვაში, ჩემი პირველი ვიზიტიდან სამი წელი გავიდა და დღეს მე კვლავაც ლიტვაში ვიმყოფები, რათა მეგობარ სახელმწიფოში, მეგობარ ხალხთან და ხელისუფლებასთან ერთად ვიზეიმო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგი – უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე.
როგორც შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველო, როგორც საერთაშორისო რეიტინგებში ბიზნესის კეთების მიმართულებით ერთერთი საუკეთესო ბიზნესგარემოს მქონე სახელმწიფო დაინტერესებულია ლიტვური ინვესტიციების მოზიდვით და ორი ქვეყნის ბიზნესსექტორებს შორის ურთიერთკავშირების გაძლიერებით.
საუბარი შეეხო ასევე, საქართველოსა და ლიტვას შორის განათლებისა და კულტურის სფეროში ორმხრივი ურთიერთობის განვითარებას. ლიტვაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს დაახლოებით 150 ქართველი სწავლობს, რაც ძალიან კარგი საფუძველია საგანმანათლებლო პროექტების უფრო განვითარების თვალსაზრისით.
აღინიშნა, ასოცირების დღის წესრიგის დადებითი
გავლენა ეკონომიკური გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, რომელიც განსაკუთრებით კარგად ჩანს ევროკავშირთან ვაჭრობის მზარდი მაჩვენებლებით.
ევროკავშირის ბაზარზე რამდენიმე ახალი პროდუქცია გავიდა, მათ შორის კივი და პირველი ცხოველური წარმოშობის პროდუქტი – თაფლი.
მხარეებმა გაერთიანებული სარკინიგზო პროექტის “ვიკინგები” ფარგლებში თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრეს, რომელსაც საქართველო 2015 წელს შეუერთდა და რომელშიც 2016 წელს აზერბაიჯანის ჩართვამ აბრეშუმის გზის რკინიგზასთან დაკავშირების საშუალება მისცა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, ლიტვაში საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძე, ოპოზიციონერი დეპუტატები – ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრი ადა მარშანია, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აზერ სულეიმანოვი, ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0