გიორგი ხანიშვილი ვანში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობას გაეცნო

12/07/2017

ვანის მუნიციპალიტეტში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, ვანის მაჟორიტარ დეპუტატთან გრიგოლ ლილუაშვილთან და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარესთან გიორგი მიშელაძესთან ერთად გაეცნო.

ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაციის „მერსი ქორფს“-ის მიერ დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების „სოფლის ნობათისა“ და „„ჭყვიშის“ საქმიანობა მოიცავს ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მოყვანას, როგორც ღია ასევე დახურულ გრუნტში. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ისრითს“ გაშენებული აქვთ ჟოლოს ბაღი, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ორე ეტ ლაბორა“ მეფუტკრეობის მიმართულებით საქმიანობს.

ევროკავშირი ENPARD-ის პროგრამის მეშვეობით მხარს უჭერს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას საქართველოში. ENPARD-ის პროგრამის მთავარი მიზანია საქართველოში სოფლად სიღარიბის აღმოფხვრა. 2013 წლიდან, ევროკავშირმა ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, 12 მილიონი ლარით დააფინანსა 260 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი.

სახელმწიფოს მხარდაჭერით ხორცილდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამები. დღეისათვის, სხვადასხვა დარგის 1500 -ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული, რომელშიც 13000-ზე მეტი ფერმერია გაერთიანებული.

სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით კოოპერაცია აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და, შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0